1997 წელს მონაწილეობდა პროგრამაში "სალონიკი —ევროპის კულტურული დედაქალაქი". მისი ნამუშევრები 28 პერსონალურ და 64 ჯგუფურ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. 2004 წელს თესალონიკის პრეფექტურაში და "შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრიდან" საპატიო ჯილდო მიიღო. საქართველოს გარდა მისი ნახატები ისეთი ქვეყნების გალერეებში და მოქალაქეების კერძო კოლექციებშია, როგორიცაა: საბერძნეთი, გერმანია, შვედეთი, საფრანგეთი და სხვა. თავად მხატვარი ამ გამოფენებიდან მნიშვნელოვნად პეკინის 2015 და 2017 წლის ბიენალეში მონაწილეობას მიიჩნევს. სულ ახლახან მისი ნახატების გამოფენა შვეიცარიაში, გალერეა "ANIXIS"-ში მოეწყო. ეს მშრალი ფაქტებია, ემოციები და შეგრძნებები, რაც მას ახატვინებს, იმ მონატრებიდან და სიყვარულიდან მოდის, რაც ლია ელევთერიადს საქართველოსთან აკავშირებს…
— ქალბატონო ლია, როგორია ბავშვობა, საიდანაც მოდიხართ?
— ჩემი ბავშვობა საოცარია… დავიბადე თბილისში, დედით ქართველი და მამით ბერძენი ვარ. როგორც ყველა ბავშვი, მეც ბავშვობიდან ვხატავ, ვხატავდი მამაჩემთან ერთად… მისი დახატული ცხენები მახსოვს… 143-ე საშუალო სკოლაში მოქანდაკე თამაზ გოთუასთან ხატვის ექსპერიმენტულ კლასში ვსწავლობდი. საუკეთესო მოგონებები ჩემს მეგობრებს უკავშირდება პიონერთა სასახლიდან, პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან და უნივერსიტეტიდან, სადაც ვსწავლობდი…
— როდის გადახვედით საცხოვრებლად საბერძნეთში და რა გახსენდებათ იმ დროიდან?
— 1995 წელს გადავწყვიტეთ ოჯახით საბერძნეთში გადავსულიყავით, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. მახსოვს, საქართველოდან წამოსვლის წინ ავად გავხდი და ექიმები ვერ მიხვდნენ, რა მჭირდა. მე კი იმისგან, რომ მალე საქართველო უნდა დამეტოვებინა, ფიზიკურად გავხდი ცუდად… თუმცა ვიცოდი, სად მოვდიოდი, მაინც ძალიან გამიჭირდა "სულ" წამოსვლა. ვფიქრობ, ყველა ადამიანი დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვას განიცდის, როცა სამშობლოს ტოვებს… განშორება — პატარა სიკვდილიაო, ალბათ ეს სიკვდილი დამემართა წამოსვლის წინ… საბერძნეთზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. სანამ აქ მუდმივად გადმოვსახლდებოდი, რამდენჯერმე ჩამოვედი. 1995 წლის იანვარში პირველ ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა ათენში და მაინც, კარგა ხანს მქონდა შეგრძნება, რომ დროებით ვიყავით ჩამოსული და მალე ისევ უკან, საქართველოში დავბრუნდებოდით.
— რეალურად როდის მიხვდით, რომ საბერძნეთი თქვენი მიწაა?
— დრო გადიოდა და ნელ-ნელა ყველაფერი იცვლებოდა. ჩემი შვილი აქ იზრდებოდა და მისი სამშობლო უკვე საბერძნეთი იყო. მერე სახლი შევიძინეთ, მერე აქ მამის საფლავი გაჩნდა და მივხვდი, რომ აქ უნდა დავრჩე და აქ უნდა ვიცხოვრო… საბერძნეთში ბევრი მეგობარი მყავს. ბერძნები და ქართველები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
— როგორც მხატვარს, თქვენს ისტორიულ სამშობლოში კარგად გიცნობენ…
— კი, ჩემი ნამუშევრები ბევრ კერძო და არაკერძო კოლექციაშია საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში. ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოფენები ალბათ 2015 და 2017 წლის პეკინის ბიენალეა. ახლახან გამოფენა შვეიცარიაში, ციურიხში მქონდა. საბერძნეთში პედაგოგიც ვარ, გობელენის ქსოვას ვასწავლი აქაურ მოსწავლეებს. მათი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.
— ქალბატონო ლია, გამოდის, რომ ორი სამშობლო გაქვთ… საქართველო რა არის თქვენთვის?
— საქართველო — ჩემი ბავშვობაა, ჩემი მეგობრები, რომლებიც სულ ჩემთან, უფრო სწორედ, სულ ჩემში არიან, რადგან მათ არასოდეს დავშორებულვარ… თითოეული მათგანი ძვირფასია ჩემთვის. მათი დამსახურებაა, თუკი დღეს პიროვნებად, მხატვრად ჩამოვყალიბდი. საქართველო ჩემი ტკივილიცაა, რადგან აღარ არსებობს სოფელი ქურთა სამაჩაბლოში, რომელიც დედაჩემის სოფელი იყო და სადაც ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს ვატარებდი. იქ საოცრად თბილი ხალხი ცხოვრობდა… მენატრებიან მეგობრები, თუმცა როცა მათ ვხვდები, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არსად წავსულვარ. ჩემი სული ისევ თბილისში ტრიალებს..