თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა დაუყოვნებლივ დადგინდეს, თუ როგორ გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ავღან მუხთარლი თბილისიდან და აზერბაიჯანში აღმოჩნდა, სადაც ის დააპატიმრეს.
მუხთარლის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის თბილისში გაიტაცეს, ჩაუდეს ფული და აზერბაიჯანში ფარულად გადაიყვანეს. აზერბაიჯანში მას ბრალად ედება "აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა", "კონტრაბანდა" და "ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობა, რომელიც სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიშროებას წარმოადგენს". ბაქოს სასამართლომ მუხთარლის ოთხშაბათს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა განმარტოს თუ რა მოუვიდა მუხთარლის და მისცეს უსაფრთხოების გარანტია საქართველოში მყოფ სხვა აზერბაიჯანელ დევნილებს“, — განაცხადა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ბიუროს ხელმძღვანელმა იოჰან ბირმა.
ბირმა ასევე მუხთარლის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა, რადგან მიიჩნევს, რომ ბაქოში მას სასტიკად ეპყრობიან, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
„მოვითხოვთ, რომ ავღან მუხთარლი, რომელიც ამჟამად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკის ქვეშაა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებების წარდგენა აზერბაიჯანში სტანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს“, — აღნიშნა ბირმა.
მუხთარლის ისტორიას გამოეხმაურა ევროპის საბჭოც და მისი გაუჩინარების გარემოებებზე მიუთითა.
კერძოდ, ევროპის საბჭოს ინფორმაციით, 2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ავღან მუხთარლის გაუჩინარებაზე ინფორმაცია მისმა მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ გაავრცელა. როგორც მუსტაფაევამ განაცხადა, მეუღლემ მას ბოლოს მაშინ დაურეკა, როდესაც ის მათი სახლიდან რამდენიმე კვარტლის მოშორებით იმყოფებოდა, თუმცა სახლში არ დაბრუნებულა, ნათქვამია ევროპის საბჭოს ვებ-გვერდზე.
აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც კატეგორიული კომენტარი გააკეთა.
„სულ რამდენიმე დღის წინ თბილისში გაქრა ადამიანი, რომელიც ბაქოში აღმოჩნდა და მთელი საზოგადოება ბავშვს რომ ფოკუსს აჩვენებენ, ასე ვსხედვართ და უნდა მოვიფიქროთ, რომ როგორ ხდება ასეთი რამე, რომ ადამიანი „ა“ პუნქტში ქრება და „ბ“ პუნქტში ჩნდება. არ ვიცი ვის უნდა ვკითხო, კოპერფილდს, ვადაჭკორიას, ვის უნდა ვკითხოთ რანაირად შეიძლება ეს მოხდეს“, — განაცხადა მარგველავილმა.
ამასთან ერთად, ქართული მასმედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თითქმის ყოველ დღე თბილისსა და სხვა ქალაქებში მუხთარლის მხარდამჭერ აქციებს მართავენ.
ხუთშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა. მან კატეგორიულად უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებული არიან სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები.
თუ მუხთარლის აზერბაიჯანში ბრალდებულად აღიარებენ, მას 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.