თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და სამარის "კრილია სოვეტოვის" მეკარე გიორგი ლორია უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსის" გამარჯვებაას ელოდება. ამის შესახებ მან "Sputnik–საქართველოსთან" ინტერვიუში განაცხადა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი ტურინის "იუვენტუსსა" და მადრიდის "რეალს" შორის 3 ივნისს კარდიფში გაიმართება.
მატჩის შედეგისგან დამოუკიდებლად ის ტურნირის ისტორიაში შევა. თუ "რეალი" გაიმარჯვებს, მაშინ ესპანური კლუბი პირველი იქნება, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მეორედ მოიგებს. თუ იტალიელები გაიმარჯვებენ, "იუვენტუსის" გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი ბოლოს და ბოლოს, ნანატრი ჯილდოს მფლობელი გახდება, რომელიც მას ჯერ არა აქვს.
Sputnik–ი საქართველოს ნაკრებისა და სამარის "კრილია სოვეტოვის" მეკარეს, გიორგი ლორიას დაუკავშირდა და ამ მატჩის შესახებ კომენტარი სთხოვა, ასევე დაუსვა კითხვა, არის თუ არა ბუფონი დიდი მეკარე.
"გეთანხმებით, ჩემთვის ის მრავალი წელია, ნომერ პირველი მეკარეა. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს. და დღევანდელ ფინალში სწორედ ბუფონს ვუგულშემატკივრებ და არა "იუვენტუსს". მინდა, მან ბოლოს და ბოლოს მოიგოს უეფას ჩემპიონთა ლიგა. ვფიქრობ, ყველაფერი იქით მიდის, რომ ის ამ ჯილდოს მოიგებს", – განაცხადა ლორიამ.
ფინალური მატჩი "იუვენტუსი"–"რეალი" დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.