თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. უცნობმა პირებმა თბილისის ცენტრში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მემორიალს საღებავი გადაასხეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ტელეკომპანიის მონაცემებით, ინციდენტი გვიან ღამით მოხდა, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ძეგლს მთელი ღამის განმავლობაში წმენდდნენ. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
მომხდარის მიზეზები უცნობია, თუმცა, მასმედიამ ინციდენტი აზერბაიჯანელ ოპოზიციონერ ჟურნალისტ ავღან მუხთარლის დაუკავშირა, რომელიც თბილისში გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც ის დააპატიმრეს.
მუხთარლის ოჯახი ამტკიცებს, რომ იგი კვირის დასაწყისში თბილისში გაიტაცეს, ჩაუდეს ფული და აზერბაიჯანში ფარულად გადაიყვანეს. აზერბაიჯანში მას ბრალად ედება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა", „კონტრაბანდა" და „ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობა, რომელიც სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიშროებას წარმოადგენს". ბაქოს სასამართლომ მუხთარლის ოთხშაბათს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მუხთარლის საქმემ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ქართული მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისში ჟურნალისტის მხარდასაჭერად პერმანენტულ აქციებს მართავენ. საქართველოს ხელისუფლებამ საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა დაუყოვნებლივ გამოიძიონ თუ როგორ შეძლო პასპორტის გარეშე ადამიანმა ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. ჟურნალისტის მეუღლის თქმით, მუხთარლის პასპორტი სახლში დარჩა.
ხუთშაბათს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა. მან კატეგორიულად უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებული არიან სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები.
ქართული ოპოზიციის წარმომდგენლებმა მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა შს მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს დააკისრეს.