თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ამჟამად ბაქოში წინასწარ პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ავღან მუხთარლის მეუღლისა და ბავშვებისთვის ქვეყნის მოქალაქეობის წარდგენა სთხოვა.
მუხთარლის ოჯახი ამტკიცებს, რომ კვირის დასაწყისში ის გაიტაცეს თბილისიდან, ჩაუდეს ფული და ფარულად აზერბაიჯანში წაიყვანეს. სამშობლოში მას ბრალი დასდეს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, კონტრაბანდასა და ძალის გამოყენებაში ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ. ბაქოს სასამართლომ ოთხშაბათს მუხთარლის წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
"მინდა დავაფიქსირო საქართველოს მთავრობის მხრიდან სრული მზადყოფნა, რომ მომართვის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს აზერბაიჯანის მოქალაქის, ავღან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ყველანაირი სამართლებრივი პროცედურების მოგვარების კუთხით. ამასთან, მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მიანიჭოს ავღან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა", – აღნიშნულია მთავრობის ვებ–გვერდზე განთავსებულ კვირიკაშვილის განცხადებაში.
ამასთან, პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ისტორია საქართველოს იმიჯზე მოქმედებს, რაც დაუშვებელია.
"ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, უპირველესი ამოცანაა, ყველა კითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გაეცეს პასუხი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესშია, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს", – ნათქვამია განცხადებაში.
მისი განცხადებით, საქართველო ახლა სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში ისწრაფვის და იცავს ადამიანის უფლებებს.
"ჩვენ არაფრის ფასად დავთმობთ ამ მონაპოვარს და კვლავ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენს ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა იგი, ან როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს", – აღნიშნულია განცხადებაში.
მუხთარლის საქმემ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ქართული მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისში მის მხარდასაჭერად პერმანენტულ აქციებს მართავენ. ისინი მოითხოვენ, დაუყოვნებლივ გამოიძიონ, თუ როგორ შეძლო პასპორტის გარეშე ადამიანმა ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. ჟურნალისტის მეუღლის თქმით, პასპორტი სახლშია.
ხუთშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა. მან კატეგორიულად უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებული არიან სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები. ქართული ოპოზიციის წარმომდგენლებმა მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს დააკისრეს.
ვითარებაზე მწვავე რეაგირება მოახდინეს საქართველოს პარტნიორებმა. საქართველოში აშშ–ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომ დიპლომატიური მისია თვალყურს ადევნებს მოვლენებს და უკვე მიიღო საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების დაცვის გარანტიები.
ასევე გამოთქვა შეშფოთება აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებულ ინციდენტზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა. მისი განცხადებით, ევროკავშირი აკვირდება ვითარებას და დასკვნებს სრული სურათის მიღების შემდეგ გამოიტანს.