თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ აჭარაში საზღვაო სეზონი გახსნა. ამ მიზნით სააგენტომ 135 მაშველი შეარჩია და გადაამზადა, აღნიშნულია საქართველოს შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
მაშველების ყოველდღიური სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად ბათუმის ნავსაყუდელში წყალზე სამაშველო განყოფილებისთვის კეთლმოწყობილი სამაშველო პუნქტი გაიხსნა, გარემონტდა თორმეტი მცურავი საშუალება.
"მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციის მიზნით, ზღვაში საცურაო არეალის მანიშნებელი ტივტივები განთავსდა, სამაშველო საგუშაგოები თანამედროვე საზღვაო-სამაშველო ინვენტარით აღიჭურვა, სანაპირო ზოლში კი ქართული და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ბანერები დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც მოხდება დამსვენებელთა გაფრთხილება ცურვისთვის სახიფათო ადგილების შესახებ", – აღნიშნულია შსს–ს განცხადებაში.
მაშველებს გადაეცათ ახალი საზღვაო-სამაშველო აღჭურვილობა, სამუშაო ფორმები, პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის განკუთვნილი სამედიცინო ჩანთები და სხვა საჭირო ინვენტარი.
ღონისძიებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები მერაბ მალანია და დავით ვარდიაშვილი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.