თბილისი, 30 მაისი — Sputnik. კრიმინოგენური სიტუაცია საქართველოში დაბალ დონეზეა და ტურისტების უსაფრთხოება მაღალ დონეზეა დაცული, განაცხადა სამართლებრივი დაცვის ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ ბეჟენცევმა თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.
სამართლებრივი დაცვის ცენტრის ძირითადი მიზანია საქართველოში რუსი თანამემამულეების ყოველმხრივ სამართლებრივი ან სხვა სახის დახმარება ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო სამართლის აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისობაში მათი უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევაში. მხოლოდ 2016 წელს ცენტრის იურიდიული კონსულტაცია 260 ადამიანმა მიიღო.
„რაც შეეხება კრიმინალურ მდგომარეობას, ჩვენი მუშაობის პერიოდის განმავლობაში ტურისტების მხრიდან მიმართვები არ ყოფილა. მინდა აღვნიშნო, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა საქართველოში დაბალ დონეზეა და მომართველი საერთოდ არ ყოფილა. ტურისტების უსაფრთხოება აქ მაღალ დონეზეა დაცული", — განაცხადა ბეჟენცევმა.
მისი თქმით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რასაც ტურისტები აწყდებიან — საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებია.
„სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, რომ პრაქტიკა და ავტომობილის მართვის მანერა თბილისსა და საქართველოში განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან. შესაბამისად, ყველა ვერ ეგუება… იმ ტურისტებს, ვინც საქართველოში საკუთარი მანქანით ჩამოდის, ვურჩევდი, ყურადღება მიაქციონ მანქანის მართვის ჩვენს სტილს და თუ რაიმე მოხდება, პირველ რიგში აუცილებლად მიმართონ პატრულს და არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ ავარიის ადგილი, რადგან შემდეგ რაიმეს დამტკიცება რთული იქნება. აქ აბსოლუტურად ყველა ფლობს რუსულსა და ინგლისურ ენას", — აღნიშნა მან.
რუსეთი მეოთხე ადგილზე იმყოფება იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეები საქართველოს 2017 წლის აპრილში სტუმრობდნენ. წლის დასაწყისიდან საქართველოს რუსეთიდან 272100 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24,2%-ით მეტია.
საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირთან არსებული საქართველოს რუსი თანამემამულეების სამართლებრივი დაცვის ცენტრი ფუნქციონირებს უცხოეთში მცხოვრებ რუს თანამემამულეთა მხარდაჭერისა და უფლებების დაცვის ფონდის წყალობით. რუსი ტურისტების დახმარებას ცენტრი კერძო წესით ახორციელებს.