თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. თბილისში წლის ბოლომდე სხვადასხვა უბანში 30 საზოგადოებრივი ტუალეტი გაჩნდება, შესაბამისი შეთანხმება გააფორმა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიასთან.
შეთანხმების თანახმად, ახალი თანამედროვე საზოგადოებრივი ტუალეტები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და აღჭურვილი მაგიდებით – ბავშვებისთვის საფენების გამოსაცვლელად. საინფორმაციო წარწერები გაკეთდება ასევე ბრაილის შრიფტით.
"ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ რეტირატები მსუბუქი კონსტრუქციის, ავტომატიზებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ მიმართულებით თბილისის მერია მომავალში აქტიურად იმუშავებს და, საჭიროებების გათვალისწინებით, საზოგადოებრივ რეტირატებს ქალაქის მასშტაბით სრულად განათავსებს", — განაცხადა ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ.
დედაქალაქის მერიამ ტუალეტების მოწყობისთვის განკუთვნილი ადგილები აუქციონში გამარჯვებულ კომპანია "კონსალტინგ ჯგუფს" 20 წლის გამოყენების უფლებით გადასცა. კომპანია იღებს ვალდებულებას, მოუაროს და დაიცვას იქ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. მოიჯარემ ასევე უნდა უზრუნველყოს სადღეღამისო ცხელი ხაზის მუშაობა.
თანამედროვე საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ნაღდი ფულის გადახდით, ისე პლასტიკური ბარათების, მაგალითად, "მეტრომანის" გამოყენებით.