სავაჭრო ცენტრების მფლობელ ბიზნესმენებს ქონების დაზღვევას დაავალდებულებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი
თბილისის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაცვის გზა იპოვა.

თბილისი, 2 ივნისი Sputnik. — საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოვიდა ინციატივით, რომლის თანახმად, სავაჭრო ცენტრებში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის ქონების დაზღვევა სავალდებულო უნდა გახდეს.

ამისთვის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" კანონში ცვლილებები შევა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს დედაქალაქში მოხდა ხანძრები, რომელთა შედეგად სავაჭრო ცენტრებსა და იქ განთავსებული მაღაზიების მეპატრონეებს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგათ.

„ამიტომ შემოგვაქვს ცვლილება — სახელმწიფო შეადგენს ნუსხას და ამ ნუსხაში გათვალისწინებულ ობიექტებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს ექნებათ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა, რათა მესამე პირების მიმართ სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების ნაწილში მიყენებული ზიანი იყოს აუცილებელი წესით დაზღვეული", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა იმისათვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა უფლებები დაცული იყოს.

სამედიცინო კლინიკა - Sputnik საქართველო
სამედიცინო დაწესებულებებს დაავალდებულებენ გადაარჩინონ პაციენტები დაზღვევის გარეშე

სავალდებულო გახდება აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაც. ეს ნიშნავს, რომ ავტოავარიის შემთხვევაში უცხოელები ვალდებული იქნებიან აანაზღაურონ შესაბამისი ზარალი.

„ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რომ მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა გავრცელდეს არა მხოლოდ უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებზე, არამედ ყველა ავტომფლობელზე", — თქვა პრემიერმა.

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს თბილისში სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო" და საბითუმო ბაზრობა დაიწვა. სავაჭრო ცენტრში იყო „ოქროს სამყარო", სადაც ძვირფასეულობა იყიდებოდა. ძვირფასი ლითონის ნაკეთობები გადაურჩა ხანძარს, რადგან მოვაჭრეები მათ სეიფებში ინახავდნენ.

აპრილში თბილისის მერიამ, დაზარალებული მოვაჭრეების ერთჯერადი დახმარების სახით, ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი გამოყო. თითოეულმა მოვაჭრემ 3000 ლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0