იაპონიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივება გადაწყვიტა

© FB / MFA of Georgiaსაქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრები მიხეილ ჯანელიძე და ფუმიო კისიდა
საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრები მიხეილ ჯანელიძე და ფუმიო კისიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონია, საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან და აქ არსებული ლიბერალური ბიზნეს-კლიმატიდან გამომდინარე, დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის განმტკიცებაში.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს და იწყებს მოლაპარაკებებს ორმხრივი ინვესტიციების შესახებ ხელშეკრულების მოსამზადებლად — შესაბამის შეთანხმებას საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიხეილ ჯანელიძემ და ფუმიო კისიდამ ტოკიოში შეხვედრაზე მიაღწიეს.

ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში ოთხშაბათს დაიწყო და 5 ივნისს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების მეთაურმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში, ასევე ეწვია უმსხვილეს იაპონურ კომპანიებს.

იაპონიისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ საქართველო-იაპონიის ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასაყვანად, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა, ენერგეტიკა, ინოვაციები, მაღალი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მიხეილ ჯანელიძე იაპონიაში - Sputnik საქართველო
საგარეო უწყება: საქართველო მიესალმება ტურისტებს იაპონიიდან

"ფუმიო კისიდას განცხადებით, იაპონია ასევე გაამარტივებს სავიზო მოთხოვნებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში", – აღნიშნულია განცხადებაში.

ფუმიო კისიდამ განაცხადა, რომ დაიწყება იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ინვესტიციების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკები. როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, ეს ახალ შესაძლებლობებს მისცემს ორივე ქვეყანას, განავითარონ ბიზნეს და ეკონომიკური კავშირები.

მინისტრები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ მომავალი თანამშრომლობის განვითარებას ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. საქართველომ ამ მიმართულებით იაპონიის გამოცდილების შესწავლის ინტერესი გამოთქვა.

საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. იაპონია საქართველოს ეხმარება ეკონომიკის სფეროების, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

ყველა ახალი ამბავი
0