საგარეო უწყება: საქართველო მიესალმება ტურისტებს იაპონიიდან

© FB / МИД Грузииმიხეილ ჯანელიძე იაპონიაში
მიხეილ ჯანელიძე იაპონიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ იაპონიაში ვიზიტის მსვლელობისას შეხვედრა გამართა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ასევე ეწვია კომპანია Toshiba-ს.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველო მზადაა იაპონიასთან ტურისტულ სფეროში ურთიერთობები განავითაროს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ოფიციალური ვიზიტის დროს.

ჯანელიძე იაპონიაში გუშინ გაემგზავრა. ვიზიტი იაპონიის ეროვნულ პრეს-ცენტრში ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრით დაიწყო.

"დღეს საქართველო მზადაა ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში თავისი წვლილი შეიტანოს დიდი ეკონომიკური პოტენციალითა და საინტერესო პროექტების შეთავაზებით. მოხარული ვიქნებით, თუ საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობა ტურისტულ სფეროშიც განვითარდება. ჩვენი ქვეყანა იაპონელ ტურისტებს სიამოვნებით მიიღებს. იაპონია შესანიშნავი ქვეყანაა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ქართველი ისურვებდა ეწვიოს მას", — განაცხადა ჯანელიძემ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ვაზი - Sputnik საქართველო
საკოლექციო მონეტები ქართული ვაზის თემაზე იაპონიაში იჭრება

ჯანელიძემ შეხვედრა გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ნაბუო კისისთან.

"წელს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნება და მოხარული ვარ, ამ საიუბილეო წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მივიღო", — განაცხადა იაპონელმა დიპლომატმა.

მან აღნიშნა, რომ იაპონია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობებსა და ისეთ ფუნდამენტურ ფასეულობებს, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

"ვიმედოვნებ, რომ ორმხრივი ურთიერთობები ჩვენ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს ბიზნეს-გარემო კარგი რეპუტაციით სარგებლობს საერთაშორისო თანამეგობრობაში და ქართულ-იაპონური კომპანიებისთვის ძალზე მიმზიდველია", — განაცხადა კისიმ.

ტოკიოში ჯანელიძე ასევე ეწვია კომპანია Toshiba-ს, სადაც ქართულ დელეგაციას წარმოებული პროდუქცია გააცნეს.

საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. იაპონია საქართველოს ეხმარება ეკონომიკის სფეროების, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

ყველა ახალი ამბავი
0