საკოლექციო მონეტები ქართული ვაზის თემაზე იაპონიაში იჭრება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliვაზი
ვაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ვენახი - საქართველოს" მასშტაბურ გამოფენასთან დაკავშირებით ვერცხლის საკოლექციო მონეტის გამოშვება განიზრახა. გამოფენა ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში 2017 წლის ზაფხულში გაიმართება.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ივლისიდან 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზებას შეუდგება, რომელიც ქართული ვაზის თემატიკაზეა შექმნილი, აღნიშნულია ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

2017 წლის გაზაფხულზე საფრანგეთის ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, ქალაქ ბორდოში ღვინის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება, სადაც საქართველო პირველი საპატიო სტუმარი იქნება. გარდა ამისა, ბორდოში 2017 წელი საქართველოს წლად არის გამოცხადებული – როგორც ღვინის სამშობლო და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის.

2017 წლის ივლის-აგვისტოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო პირველი საპატიო სტუმარი და მასშტაბური გამოფენის "ვენახი — საქართველოს" ორგანიზატორი იქნება. საქართველოს წარმომადგენლები სტუმრებს ქართულ ღვინოს, კულტურას, ეთნოგრაფიასა და ისტორიას გააცნობენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი - Sputnik საქართველო
თსუ-ის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში საკოლექციო მონეტებს გამოუშვებენ

ამასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციასა და ქართული ღვინის კულტურის მსოფლიო ცნობადობის ამაღლებას.

საკოლექციო მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეარჩიეს. მისი ავტორია ნინო გონგაძე. მონეტები იაპონიის ზარაფხანაში იჭრება. სულ 1,5 ათას ცალ მონეტას გამოუშვებენ.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ოქროსფერი ქვევრის სქემატური გამოსახულება პირობითი ჭრილით. მუქი წითელი ფერით გამოსახულია ღვინო ქვევრში. ქვევრს გასდევს ვაზის გამოსახულება. მცენარის ფესვები ხაოიან ზედაპირზეა ამოტვიფრული, ვარჯი, ფოთლები და მტევნები ხაოიანია და განთავსებულია პრიალა ზედაპირზე.

მონეტის რკალს ქვედა ნაწილში წრიულად მარცხნიდან მარჯვნივ გასდევს წარწერები: "საქართველო", "2017", "GEORGIE" (ფრანგულ ენაზე), "5 ლარი".

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მდებარე ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის შენობის გრაფიკული გამოსახულება, სადაც 2017 წელს საქართველო საპატიო სტუმარი იქნება.

მონეტის მარჯვენა ზედა ნაწილში გამოსახულია ნომინალი და ლარის სიმბოლო — "5 ₾", ხოლო რკალს წრიულად გასდევს წარწერები ფრანგულ ენაზე — "L'EXPOSITION "VIGNOBLE INVITE" DE LA CITE DU VIN DE BORDEAUX", "LA GEORGIE — PREMIER INVITE".

მონეტა იწონის 15,5 გრამს, დიამეტრი 33 მილიმეტრია.

მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ონლაინ–მაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0