თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ძლიერი სეტყვა კახეთსა და სამცხე-ჯავახეთს დაატყდა თავს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
სამცხე-ჯავახეთში უამინდობამ ყველაზე მეტად ახალციხის რაიონის სოფელი ხეოთი დააზარალა, განადგურებულია ნათესები, სახლების სახურავებიც დაზიანდა. სეტყვამ დააზარალა ასპინძის რაიონის სოფელი ჭობარეთიც და ასევე ადიგენის რაიონის სოფლები.
"20 წუთი ან ცოტა მეტი მოდიოდა, გაასწორა მიწასთან, გაათეთრა ყველაფერი. არაფერი აღარ ვარგა — არც ხილი, არც ბოსტნეული, არც ვენახი. ისეთი ამინდი იყო, არაფერი არ ჩანდა, ყინული თოვდა", — განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ნატო კარკაძემ.
კახეთში უამინდობისგან ძირითადად სამი სოფელი — ძირკოკი, ვეჯინი და ჭანდარი დაზარალდა. აქ დაისეტყვა ხილის ბაღები, ვენახები, ასევე ბოსტნეულისა და საზამთროს ნათესები.
"ძლიერი სეტყვა მოვიდა, მთელი ნახევარი საათი მოდიოდა. ვენახი ძალიან დააზიანა, განადგურდა ხილიც, თხილი თითქმის მთლიანად ძირს ყრია", — განაცხადა სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ლალი ლაზარიშვილმა.
კახეთში ასეთი სიტუაცია იმის მიუხედავად შეიქმნა, რომ რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მოქმედებს და ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტას" სპეციალისტებმა ორი ათას კილომეტრზე მეტი ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლები დაამუშავეს.
მაგრამ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ სეტყვის მარცვლები მხოლოდ ნაწილობრივ დაფანტა. სეტყვის ალბათობა 80%-ზე მეტს შეადგენდა.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ხუთ რაიონში — თელავში, სიღნაღში, საგარეჯოში, ლაგოდეხსა და გურჯაანში გამოიყენეს.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წლის გაზაფხულზე დამონტაჟდა. მას შეუძლია სეტყვასაშიში ღრუბლების აღმოჩენა და მისი განეიტრალება საწყის სტადიაზე. კახეთის ყველა რაიონში მოწყობილია საცეცხლე წერტილები, გარდა ამისა, განიხილება აღნიშნული დანადგარის სხვა რეგიონებში განთავსების საკითხიც.