თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ასპინძის №1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ რატი ზედგინიძემ გამოცდები წარმატებით ჩააბარა და აშშ-ის ვირჯინიის შტატის ქალაქ დენვილის უნივერსიტეტ Averett University-ს გრანტი მოიპოვა.
ასპინძის სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლას აგვისტოში დაიწყებს და პილოტის სპეციალობას დაეუფლება.
რამდენიმე თვის წინ ზედგინიძემ წარმატებით ჩააბარა TOEFL-ისა და SAT-ს გამოცდები.
"ინგლისური ენა ერთი წლის განმავლობაში ვისწავლე. მე-11 კლასში სერიოზული მეცადინეობა დავიწყე. მესმოდა, რომ ერთი წელი მქონდა. თუ ამ პერიოდში ენის სწავლას იმ დონეზე შევძლებდი, რომ ეს გამოცდები ჩამებარებინა, ამერიკაში წასვლას შევძლებდი, თუ არა, სწავლას საქართველოში გავაგრძელებდი. ყოველდღე ვმეცადინეობდი, დღედაღამ ვსწავლობდი, ძალიან მოვინდომე და ჩავაბარე", — განუცხადა ზედგინიძემ "Sputnik-საქართველოს".
ზედგინიძის თქმით, უნივერსიტეტის სპეციალურმა კომისიამ ქართველი მოსწავლის სწავლის დაფინანსება გადაწყვიტა წელიწადში 20000 დოლარით, რაც ოთხ წელიწადში 80000 დოლარს შეადგენს.
"ყოველ წელს ხუთი ათასი დოლარის დამატება მომიწევს. მაგრამ იქ უკვე გარკვეულ სამსახურს მთავაზობენ, ასე რომ, პრობლემები არ შემექმნება", — აღნიშნა ზედგინიძემ.
ქართველმა მოსწავლემ აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტის შემოთავაზება მიიღო, თუმცა არჩევანი საავიაციო სასწავლებელზე შეაჩერა, რადგან ავიაციაზე ბავშვობიდან ოცნებობდა.
"ყოველთვის ვოცნებობდი მფრინავი ვყოფილიყავი, ასე რომ, როდესაც სხვადასხვა უნივერსიტეტის შემოთავაზება მივიღე, დაუფიქრებლად ეს უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან აქ პილოტის სპეციალობა ისწავლება და ეს უნივერსიტეტი ყველანაირად მაწყობს", — განაცხადა ზედგინიძემ.
Averett University დაარსებულია 1859 წელს, როგორც გოგონების სკოლა. 1971 წელს ის აკრედიტებული ოთხწლიანი სასწავლებელი გახდა. დღეს უნივერსიტეტში ამერიკის 25 შტატის და 19 სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები სწავლობენ.
ზედიზედ მესამე წელია Averett University ამერიკის 30 საუკეთესო რეგიონული კოლეჯის სიაში შედის. სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტების სტიპენდიებსა და სწავლის დაფინანსებაზე ის ყოველწლიურად 20 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს.