თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოპოზიციონერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ავღან მუხთარლის თბილისში გაუჩინარების საქმესთან დაკავშირებით გამოვიდა მოწოდებით, რომ ყველამ თავი შეიკავოს წინასწარი დასკვნებისგან, რათა არ მოხდეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია.
მუხთარლის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სამშაბათს გავრცელდა. მოგვიანებით მისმა მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ და ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა განაცხადეს, რომ ის თბილისში გაიტაცეს, ფარულად გადაიყვანეს ბაქოში და დააპატიმრეს. მათი თქმით, ამაში ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ.
"მიუღებელია სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მომუშავე და მზრუნავი ინსტიტუტების დისკრედიტაცია. გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, კავშირი გვაქვს აზერბაიჯანელ კოლეგებთან, და ჩემი მოწოდება იქნება, რომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ. თუ ჩვენ ხელი შევუწყვეთ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რეალურად დაცვა", — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა ემყარება მოქალაქეებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნდობას, აღნიშნა პრემიერმა.
"სამართალდამცველებს, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეს საკითხი იყოს გამოძიებული და ჩვენ ქვეყანაში არავის გაუჩნდეს ეჭვი იმაზე, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული… ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ რამე ამდაგვარში ჩართული. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს", — დასძინა პრემიერმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გამორიცხა ამ საქმეში ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობა.