თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხლის მოსახლეობა ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა, რადგან დაახლოებით 10 ჰექტარი ფართობის ტერიტორია მეწყერმა დაფარა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის მარჯვენა ფერდობზე მასშტაბური მეწყრული პროცესები გააქტიურდა. შედეგად მწყობრიდან გამოვიდა შიდა საუბნო მისასვლელი გზები, ელექტროგადამცემი ხაზები და წყალმომარაგების გაყვანილობა.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ ოპერატიულად განხორციელდა ადგილზე სიტუაციის შეფასება და შემუშავებული იქნა რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების გატარების მიზნით. სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები", — აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
"Sputnik-საქართველოს" ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განუცხადეს, რომ მეწყრის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები არ დაზიანებულა.
"მეწყერი სოფელში გუშინ, საღამოს ჩამოწვა. ამჟამად მოსახლეობას არაფერი ემუქრება. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, მაგრამ ამჟამად სიტუაციას ვაკონტროლებთ. შესწავლის მიზნით ადგილზე გარემოს დაცვის სააგენტოს ჯგუფები იმყოფებიან", — განუცხადა "Sputnik-საქართველოს" ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა.
სოფელი მუხლი რიონის მარცხენა ნაპირზე ზღვის დონიდან 760 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი მუხლი ამბროლაურიდან 10 კილომეტრით არის დაშორებული. ამჟამად სოფელში 20-მდე ოჯახი ცხოვრობს.