თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. წელს პირველად შავი ზღვის სანაპიროზე ბიზნეს-ფესტივალი "ანაკლიობა" ჩატარდება — აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.
ფესტივალი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ის ბიზნესის ხელშეწყობისკენ არის მიმართული, აღნიშნეს გუბერნატორის ადმინისტრაციაში.
„ანაკლიობა" „ჯემ-ფესტის" დაწყებამდე ორი დღით ადრე, 12 ივლისს დაიწყება და 16 ივლისის ჩათვლით გაიმართება. აქ წარმოდგენილი იქნება 50-მდე ცნობილი კომპანია მთელი საქართველოდან.
ბიზნეს-ფესტივალში მონაწილე კომპანიებს სპეციალურ პავილიონებში დარჩენა და საკუთარი ბიზნეს-აქტივობის განხორციელება უფასოდ შეუძლიათ GEM FEST-ის მიმდინარეობის პერიოდში.
„ანაკლიობის" ფარგლებში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებიც იგეგმება.
სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ბიზნეს ფესტივალი „ანაკლიობა“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდება.
USAID-ს პროექტ Zrda-სა და სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა, დოკუმენტი რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ნატა პატარაია