სხვადასხვა მასალით ულამაზეს სამკაულებს ქმნის და საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში თუ ქალაქში ახდენს რეალიზებას. როგორც თეონამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მისი ყველაზე დიდი კრიტიკოსი, შემფასებელი და ამასთან სტიმულის მიმცემი მისი მეუღლეა.
— ყველაფერი დაიწყო ბავშვობიდან, როდესაც ჯერ კიდევ თოჯინებს ვრთავდი ჩემ მიერ შექმნილი ტანისამოსით და აქსესუარებით. ამასთან ვხატავდი. უნივერსიტეტში მეორად საგნად ხატვას და ტიხრულ მინანქარს ვსწავლობდი, რამაც, თავის მხრივ, გავლენა იქონია ჩემზე.
– როდის დაინტერესდით ხელნაკეთი სამკაულების შექმნით და რამ განაპირობა ეს ინტერესი?
— ხელნაკეთი სამკაულების შექმნით დავინტერესდი დაახლოებით ორი წლის წინ, როდესაც გადავწყვიტე ჩემთვის შემექმნა ტყავის საყურე. მცდელობამ გაამართლა, რის შემდგომაც აქტიურად დავიწყე საყვარელი ადამიანებისთვის სხვადასხვა სახის აქსესუარების შექმნა.
პოზოტიური გამოხმაურებების ფონზე გავაცნობიერე, რომ სწორ გზაზე ვიდექი და ვიპოვე საქმე, რომელიც ბედნიერებას მანიჭებდა და მაძლევდა საშუალებას, სხვაც გამეხარებინა ჩემი ნამუშევრებით.
ცოტა ხანში საქართველოში მასიურად შემოვიდა ტყავის საყურეები და სხვადასხვა აქსესუარები, ამიტომ გადავწყვიტე, რაღაც ახალი შემეთავაზებინა მომხმარებლებისთვის. დავინტერესდი სუტაჟის აქსესუარების შექმნით. სუტაჟის აქსესუარები, ერთი მხრივ, ტყავთან შედარებით შრომატევადი და რთული შესაქმნელია, მაგრამ, მეორე მხრივ, ბევრად დახვეწილი და ორიგინალური ნაკეთობები გამოდის.
– პროფესიით ვინ ბრძანდებით?
— პროფესიით ეკონომისტი ვარ და ვმუშაობდი ერთ-ერთ ბანკში. შემდეგ დავოჯახდი და სამსახურიდან წამოვედი. სწორედ დიასახლისობის პერიოდში გამიჩნდა სურვილი, დავკავებულიყავი ხელნაკეთი აქსესუარების შექმნით.
– ამჟამად სამკაულის შექმნის გარდა რა საქმიანობას ეწევით?
— ამჟამად ვარ ორი შვილის დედა და მათი აღზრდით ვარ დაკავებული, ხელნაკეთ აქსესუარებს კი ღამ-ღამობით ვქმნი, როცა მათ სძინავთ…
– გასწავლათ ვინმემ, თუ თვითნასწავლი ხართ?
— თვითნასწავლი ვარ. ბავშვობიდან მიტაცებდა ხელსაქმე. ინტერნეტიც დამეხმარა ჩემი შესაძლებლობების განვითარებაში. ვუყურებ სხვადასხვა მასტერ-კლასებს და ვცდილობ შევისწავლო სხვადასხვა სახის მასალაზე მუშაობა. მიყვარს მრავალფეროვნება და მივისწრაფი სიახლეებისკენ.
– გაიხსენეთ პირველი ნამუშევარი, რა იყო და როგორი გამოგივიდათ?
— პირველი ნამუშევარი ტყავის საყურე იყო, დამწყების კვალობაზე ნორმალური გამოვიდა, რამაც დიდი სტიმული მომცა, შემექმნა რაღაც განსხვავებული და ორიგინალური.
– თქვენი ყველაზე დიდი შემფასებელი ვინ არის?
— ჩემი მეუღლე და ჩემი და. მეუღლე ყოველთვის მიბიძგებს მაქსიმუმი მოვთხოვო საკუთარ თავს, უფრო და უფრო განვავითარო ჩემი შესაძლებლობები. ჩემ დას რაც შეეხება, ყოველთვის მამხნევებს და პოზიტივით მავსებს.
გარდა ახლობლებისა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის შეფასება, მათი კმაყოფილი სახეები და შეფასებები დიდ სიხარულს მანიჭებს, სწორედ ამიტომაც ვცდილობ მაქსიმალურად ხარისხიანად ვაკეთო ჩემი საქმე.
– ძირითადად რა მასალას იყენებთ და რა ეტაპებს გადიხართ, სანამ სამკაული დასრულებულ სახეს მიიღებს?
— ძირითადად ვიყენებ სუტაჟის თასმას, კრისტალის თვლებს, შუშას, ბისერებს, დაპრესილ ფირუზს და სხვადასხვა ქვებს. თავდაპირველად წარმოვიდგენ აქსესუარის მიახლოებულ დიზაინს და ფერთა კომბინაციას. შექმნის პროცესში მიჩნდება სხვადასხვა იდეები, თუ როგორი უნდა იყოს ნაკეთობა საბოლოო ჯამში.
ტექნიკური თვალსაზრისით, საწყის ეტაპზე თექის ნაჭერზე ვამაგრებ კრისტალის თვალს ან სხვა მასალას, როგორიცაა ფირუზი ან სხვა რომელიმე ქვა. შემდგომ ვიწყებ ირგვლივ სუტაჟის მჭიდროდ დაკერებას, სხვადასხვა ფორმას ვაძლევ სუტაჟს და შუშის მძივებით ვაფორმებ. უკანა მხარე კი იფარება თექის ნაჭრით.
– რა დროს ანდომებთ ერთი სამკაულის შექმნას?
— გააჩნია ნაკეთობას, ყოფილა შემთხვევა, ორი-სამი დღე დამითმია, ზოგ შემთხვევაში მეტიც.
– ვინ არიან ადამიანები, ვინც თქვენ სამკაულს ატარებენ?
— მთელი საქართველოს მაშტაბით ვყიდი ჩემ სამკაულს. გარდა თბილისისა, რეგიონებიდანაც არის დაინტერესება და მაქვს შეკვეთები.
– როგორ გაიგეს მათ თქვენ შესახებ და როგორ ახდენთ თქვენი ნამუშევრების რეალიზებას?
— მაქვს facebook-გვერდი, რომლის მეშვეობითაც გაიგეს მათ ჩემ შესახებ. გვაქვს კურიერული მომსახურებაც, რათა მათ სახლიდან გაუსვლელად შეძლონ მათთვის სასურველი აქსესუარის შეძენა.
– გაქვთ სამკაული, რომელსაც არასოდეს გაყიდით?
— ჯერჯერობით არა. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში აუცილებლად შევქმნი ასეთს…
– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
— სამომავლოდ ვგეგმავ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებას, სხვადასხვა მასალაზე მუშაობის შესწავლას. უახლოეს მომავალში ჩემს მომხმარებელს ვუმზადებ გრანდიოზულ სიურპრიზს, რასაც ამ დროისთვის, თქვენი ნებართვით, საიდუმლოდ დავტოვებ.
ჩემთვის ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა, რომ მეტად განვვითარდე და შევქმნა რამე ორიგინალური და ლამაზი. ვფიქრობ, ყველაზე დიდი ბედნიერებაა, აკეთო ის საქმე, რაც სიხარულს განიჭებს. ჩემთვის კი ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა ერთგვარი სტიმულია, სიცოცხლის ხალისი…