ექიმობიდან მეღვინეობამდე, ანუ პროფესიაში ასახული გატაცება

© სოსო ყარაულაშვილის პირადი არქივიღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძველი ელინები ღვინის დოზებს ასე აყალიბებდნენ: პირველი ჭიქა ჯანმრთელობაა, მეორე – კმაყოფილება, მესამე – ტკბილი ძილი, მეოთხე – თავხედობა, მეხუთე – ალიაქოთი, მეექვსე – ტაკიმასხრობა, მეშვიდე – სიბრმავე, მერვე – დანაშაული.

ღვინის თვისებებს საქართველოში კარგად იცნობდნენ. ქართველი კაცი ღვინოს ოდითგანავე სულისა და სხეულისთვის მარგებელ სასმელად აღიქვამდა და, სხვა მრავალი დანიშნულების გარდა, სისხლნაკლულობის, სისუსტის და უმადობის წამლადაც იყენებდა. ძველ საქართველოში ღვინოს, როგორც ჯანმრთელობისათვის აუცილებელ პროდუქტს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პატიმარსაც კი გარკვეული დოზით აძლევდნენ. ენოთერაპიას, ანუ ღვინით მკურნალობის თემატიკას დიდი ადგილი ეთმობა ქართული სამედიცინო შინაარსის ხელნაწერებში, მაგალითად, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სამკურნალო კარაბადინში. საინტერესო ცნობებია მე-13 საუკუნის სამედიცინო კრებულში „წიგნი სააქიმო“, სადაც ხშირად გვხვდება ფრაზები: „ღვინით შეიზილოს“, „ღვინოი წყალსა გაურიოს“ და ასე შემდეგ.

© Courtesy by Soso Karaulashviliღვინის ნაირსახეობები
ღვინის ნაირსახეობები - Sputnik საქართველო
ღვინის ნაირსახეობები

ღვინით მკურნალობა სახარებაშიცაა აღწერილი. მაცხოვრის მიერ მოთხრობილ იგავში ნათქვამია, რომ ყაჩაღების მიერ გაძარცულ და დაჭრილ მგზავრს ჭრილობები ზეთისა და ღვინის დასხმით მოუშუშდა. ალბათ გარკვეული პარალელის გავლება შეიძლება ამ იგავსა და დიდმარხვის მიწურულს მართლმადიდებელ ეკლესიაში შვიდგზის ზეთისცხებას შორის, რომლის დროსაც სულიერი და ხორციელი განკურნებისთვის მრევლს სწორედ ზეთსა და ღვინოს სცხებენ.

დღევანდელი ჩვენი სტუმარი ცნობილი ექიმი, ანესთეზიოლოგი სოსო ყარაულაშვილია, რომელიც ბოლო წლებია აქტიურად დაინტერესდა ენოლოგიით, მევენახეობას მიჰყო ხელი და საკუთარი ვენახები გააშენა.  

2017 წელს ახალი ქართული ღვინის ფესტივალი ბატონი სოსოს მიერ უძველესი ყურძნის ჯიშით დაყენებული ოქროსფერი „ქისით“ გაიხსნა.

© სოსო ყარაულაშვილის პირადი არქივიღვინის დეგუსტაცია მთაწმინდის პარკში
ღვინის დეგუსტაცია მთაწმინდის პარკში - Sputnik საქართველო
ღვინის დეგუსტაცია მთაწმინდის პარკში

– ბატონო სოსო, გილოცავთ ამ დიდ წარმატებას! სანამ ფესტივალს შევეხებით და თქვენ მიერ გაშენებულ ვენახებს, იქნებ ორიოდე სიტყვით ენოთერაპიაზე  გვითხრათ…

— ჩვენ მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორია გვაქვს. ასეთია მსოფლიოს ავტორიტეტულ მეცნიერ-სპეციალისტთა აზრიც. ეს უკანასკნელი კი არქეოლოგიურ აღმოჩენებს ეყრდნობა. ამის ნათელ მაგალითად უნდა მივიჩნიოთ 1999 წელს ლონდონში გახსნილი მსოფლიოში უდიდესი და მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელსაც „ვინოპოლისი" (ღვინის ქალაქი) ეწოდება და რომელიც ქართული პავილიონით იწყება, სახელწოდებით „ღვინის აკვანი". საქართველოდან მევენახეობა-მეღვინეობა ინდოელებს შეუთვისებიათ, აქედან კი თანდათანობით გავრცელებულა ხმელთაშუა ზღვის აუზში (ჯერ ეგვიპტეში, შემდგომ — საბერძნეთში, იტალიაში და ა.შ.), სადაც საბოლოოდ ღვთიური ტრიადის ოზიროს–დიონისე–ბახუსის ობიექტი გამხდარა. ღვინის თერაპიის მარგებლობის შესახებ წარწერა შემონახულია ეგვიპტეში, პლა-ხოტეპის (ძვ.წ.აღ. IV ათასწლეული) საფლავის ქვაზე. მსგავსი წარწერაა ნაპოვნი ქალაქ ნიპურის გათხრებისასაც, რომელიც ძვ.წ.აღ. III ათასწლეულით თარიღდება. ჩვენი შორეული წინაპრის, მედიცინის მატრიარქის — მედეას სამკურნალო 40-მცენარიან ნუსხაში ვაზიც მოიხსენიება. ჰიპოკრატე (ძვ.წ.აღ. 372-287 წწ) ღვინოს კომპრესების სახით იყენებს ჭრილობათა და რევმატული ტკივილების მოსაშუშებლად და ა.შ. ღვინოს სამკურნალო დანიშნულებით ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე რომ იყენებდნენ, ამას არაერთი ისტორიული წყარო მოწმობს. ქრისტიანობის შემოსვლამ საგრძნობლად შეუწყო ხელი ენოთერაპიის პოპულარიზაციას. ღვინო, ქრისტიანული ტრადიციით, არა მხოლოდ მხიარულების, სიცოცხლისა და მშვიდობის წყაროა, არამედ სიმბოლური მოციქულია ღვთიური და ადამიანური კავშირისა. ამიტომაცაა, რომ ღვინო ბიბლიაში 450-ჯერ არის მოხსენიებული, ხოლო ბაბილონის თალმუდში განხილულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალება. 

XX საუკუნეში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ენოთერაპიული ცენტრი. აქ პაციენტებს მკურნალობენ ღვინისა და ვაზის აბანოებით, ღვინისა და თაფლის სახვევებით, ღვინის ნიღბებით, დაფქული წიპწებით და ასე შემდეგ.

© Photo: courtesy of Soso Kharaulashviliსოსო ყარაულაშვილის ვენახი
სოსო ყარაულაშვილის ვენახი - Sputnik საქართველო
სოსო ყარაულაშვილის ვენახი

– საინტერესოა, თქვენ საიდან გაგიჩნდათ ამ საქმის კეთების სურვილი?

— საკუთარი ღვინის წარმოების დაწყება ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, ცნობილმა მეღვინემ გოგი დაქიშვილმა გადამაწყვეტინა. მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ღვინის დაყენება ჩემი მეორე პროფესია გახდა. დღესაც ექიმად ვმუშაობ, მაგრამ ენოლოგიამ ძალიან გამიტაცა და, შეიძლება ითქვას, მართლა ჩემი მეორე პროფესია გახდა. უკვე მეათე წელია, ჩემ ღვინოებს ვაყენებ, მაქვს ჩემი ვენახები და უახლოეს მომავალში ვფიქრობ საკუთარი პატარა საღვინე სახლის გაკეთებას. მაქვს რქაწითელის და საფერავის ყურძნის ვენახები. შარშან მეგობართან ერთად გავაშენეთ ერთი ჰექტარი ქისის ვენახი. ასევე ვარ სოფლის მეურნეობის კოოპერატივის წევრი, რომელმაც საგრანტო პროგრამის ფარგლებში 2014 წელს მოიპოვა გრანტი და დღეს ჩვენი საკუთარი ტრაქტორი გვაქვს თავისი საწამლით, გუთნით და კულტივატორით, რითიც ვუვლით ვენახებს.

© სოსო ყარაულაშვილის პირადი არქივიქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ქართული ღვინო

– კონკრეტულად „ქისის" ჯიშზე ორიოდე სიტყვით რომ გვითხრათ…

— „ქისი" უძველესი კახური ჯიშის ვაზია, რომელიც ბოლო ათწლეულების მანძილზე მივიწყებული იყო. ძველად ქისისგან მაღალი ხარისხის კახური ტიპის ღვინოებს აყენებდნენ. მისი შაქრიანობა თელავის შემოგარენში 22-26%-ის ფარგლებში, ხოლო მჟავიანობა 6,6-დან 10,8%-მდე მერყეობს, რაც მაღალი ხარისხის და გემოვნური თვისებების ღვინის წარმოების საფუძველს იძლევა. „ქისი“ ძალიან პერსპექტიული ვაზის ჯიშია, მისი ღვინო ქარვისფერია, თავისებური სასიამოვნო არომატი და ნაზი, ჰარმონიული გემო აქვს.

© photo: courtesy of Soso Karaulashviliქვევრი
ქვევრი - Sputnik საქართველო
ქვევრი

– რამდენად მნიშვნელოვანია ქვევრში ღვინის დაყენება?

— ქვევრი ღვინის დასაყენებელი და შესანახი უნიკალური თიხის ჭურჭელია. საქართველოში აღმოჩენილია ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი, რომელიც ძვ.წ.აღ. VI-V ათასწლეულებს განეკუთვნება. ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისთვის და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის მსოფლიო პოპულარიზაციას.

მიწაში ჩაფლულ ქვევრში ტემპერატურა არ იცვლება და ის მუდმივად ღვინის დუღილისთვის საჭირო 13-15°C-ს ინარჩუნებს. ხოლო როცა ღვინო დუღილს ამთავრებს, იგი თავისივე ჭაჭაზე ქვევრში ილუქება 3-6 თვის განმავლობაში. ჩვენი წინაპრები ქვევრს სააღდგომოდ ხსნიდნენ. ესეც გარკვეული ტრადიცია იყო. მე პირადად კახური ღვინო ქვევრის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

© სოსო ყარაულაშვილის პირადი არქივიღვინის დეგუსტაცია მთაწმინდის პარკში
ღვინის დეგუსტაცია მთაწმინდის პარკში - Sputnik საქართველო
ღვინის დეგუსტაცია მთაწმინდის პარკში

– და, ბოლოს, ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ფესტივალების ჩატარება?

— რაც შეეხება ახალი ღვინის ფესტივალს, იგი ძალიან საჭიროა მცირე მარნებისთვის, რათა მათ საკუთარი პროდუქცია გააცნონ ფართო საზოგადოებას და მათ შორის ღვინის ექსპერტებსაც. სასიხარულოა, რომ ქვევრის ღვინო დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. მე უკვე მაქვს მოწვევა უნგრეთიდან, სადაც ყოველ შემოდგომას ტარდება ქვევრის ღვინის ფესტივალი, რაც უფრო მეტად ცნობადს გახდის ქართულ ქვევრის ღვინოებს ევროპულ ბაზარზე.

ყველა ახალი ამბავი
0