ჩვენი სლავა მეტრეველი

© РИА Новостиსლავა მეტრეველი
სლავა მეტრეველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

არ გაგიკვირდეთ, დღეს ჩვენ აივანზე ამოსულებს ძალიან ხაზგასმით სპორტულ ფორმაში თუ დაგხვდებით, კერძოდ, მუხლებამდე განიერ ტრუსებში, მაისურში (წინ ნომერი 10-ით და ზურგზე — ნომერი 7-ით, 8- და 9-ნომრიანი მაისურები სათადარიგო სკამზე მაქვს გადაფენილი) და, რა თქმა უნდა, ბუცებში გამოწყობილი… მართალია, ბოლო დროს მარჯვენა ფეხი მღალატობს, მაგრამ როცა არ მღალატობდა, მაშინაც ფეხბურთს მაინც და მაინც კარგად ვერ ვთამაშობდი. სამაგიეროდ ავარიის შემდეგ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებთან ერთად გავდიოდი აღდგენით პროცედურებს შესანიშნავი ექიმის ზაქრო თელიას მეთვალყურეობით. ვოვა გუცაევის და ვიტალი დარასელიას პირადი პროტექციით კი მივიღე ჩათვლა ფიზკულტურაში.

© Алексей Хомичსლავა მეტრეველი
სლავა მეტრეველი - Sputnik საქართველო
სლავა მეტრეველი

დღეს ჩვენ აივანზე ისმის „საფეხბურთო მარში“, რომელიც თავის დროზე (1938 წელს) დაწერა კომპოზიტორმა მატვეი ბლანტერმა ცნობილი სპორტული რადიოკომენტატორის ვადიმ სინიავსკის თხოვნით. მარშის პირველი მსმენელები კი გახლდნენ დიდი დიმიტრი შოსტაკოვიჩი და მისი ვაჟი მაქსიმი. სხვათა შორის, 2009 წელს მოხდა სერიოზული კონფლიქტი რუსეთის საფეხბურთო პრემიერ-ლიგასა და საავტორო საზოგადოებას შორის. ამ უკანასკნელმა მარშის გამოყენების სანაცვლოდ მატჩებზე გაყიდული ბილეთებისგან შემოსული თანხის 0.2% მოითხოვა. ამ კამათში ჩაერია ბლანტერის შვილიშვილი და მემკვიდრე ტატიანა ბროდსკაია, რომელმაც დაადასტურა, რომ კომპოზიტორმა ფეხბურთის მოყვარულებს ეს მარში აჩუქა და, შესაბამისად, ის უფასოდ უნდა შესრულდეს.

სავარაუდოდ, ჩემი მაისურის ნომრებიდან გამომდინარე, ზოგი მიხვდა, რომ დღეს ჩვენი აივნის სტუმარია შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ორგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი, ევროპის თასის მფლობელი, სიმბოლური „მსოფლიო ნაკრების“ წევრი, ღირსების ორდენის ლაურეატი სლავა მეტრეველი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1936 წლის 30 მაისს ქალაქ სოჭში…

მისმა მამამ, ბატონმა კალისტრატემ თავის შვილს მიზანდასახულად დაარქვა სლავა. ზოგს ეგონა, რომ ეს სახელი ვიაჩესლავის შემოკლებული ფორმა იყო, მაგრამ მეტრეველის სრული სახელი სწორედ სლავა (დიდება) იყო.

ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა: ჩადის ქართველი მოსკოვში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში და ყველგან ჰკიდია ლოზუნგი Слава КПСС! ცოტა არ იყოს გაუკვირდა და გამვლელს შეეკითხა — სლავა მეტრეველი ვინც არის, ვიცი, მაგრამ ეს სლავა კპსს ვინღაა და რომელ გუნდში თამაშობსო…

სლავა მეტრეველმა თავისი პირველი „მატჩები“ სოჭში, გორკის შესახვევში მდებარე ეზოში „ჩაატარა“. იმ დროს რას წარმოიდგენდა, რომ ამ ქალაქში მისი სახელობის სტადიონი გაიხსნებოდა და რომ ის დღემდე ყველაზე პოპულარულ სოჭელად ითვლება.

© Михаил Мокрушинსლავა მეტრეველის სახელობის სტადიონი სოჭში
სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონი სოჭში - Sputnik საქართველო
სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონი სოჭში

15 წლიდან სლავა ადგილობრივი კლუბების — „დინამოსა“ და „სპარტაკის“ შემადგენლობაში თამაშობდა. უკვე მაშინ ის მწვრთნელების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა თავისი გამძლეობით, ფიქრის და მოქმედების სისწრაფით, უნიკალური ფიზიკური მონაცემებით. 1954 წელს სოჭის „დინამო“, რომლის შემადგენლობაშიც სლავა თამაშობდა, კრასნოდარის ჩემპიონი გახდა. შემდეგ ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი სოჭში ჩასულმა გორკის „ტორპედოს“ მწვრთნელმა ნიკოლაი გლებოვმა შეამჩნია. მოსკოვის „ტორპედოს“ ყოფილი ფეხბურთელი ნიკოლაი მანოშინი იხსენებდა, რომ გორკის „ტორპედოსთან“ მატჩის დროს ის სლავას წინააღმდეგ თამაშობდა. ამ მატჩში ერთადერთი გოლი სწორედ მეტრეველმა გაიტანა თავით. მოსკოვის „ტორპედოს“ იმდროინდელმა მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ბესკოვმა სლავა იმავე დღეს თავის გუნდში გადაიყვანა.

მოსკოვის „ტორპედოს“ შემადგენლობაში სლავამ 7 წელი ითამაშა. იმ პერიოდში ეს არაჩვეულებრივი გუნდი იყო — სლავას პარტნიორობას უწევდნენ ედუარდ სტრელცოვი, ვალენტინ ივანოვი, ვალერი ვორონინი… სხვათა შორის, ვალენტინ ივანოვი სლავა მეტრეველის თამაშს ასე აფასებდა: „მეტრეველის მოქმედება მოედანზე ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის გარინჩას თამაშს მაგონებს. სლავა, მიიღებს თუ არა ბურთს, მაღალი სიჩქარით და შეუპოვრად მიემართება დამცველებისკენ და ხშირად ძალიან ადვილად უვლის კიდეც მათ გვერდს“. არ შემიძლია აქვე არ გავიხსენო: ერთხელ სლავამ გაიგო, რომ ფეხბურთის გულშემატკივრები კამათობენ თემაზე — ვინ არის უკეთესი — მესხი თუ მეტრეველი? სლავა ცოტა ხანს დაფიქრდა და თქვა — რა თქმა უნდა, მიშა, ის ხომ მსოფლიოში პირველი მარცხენა გარემარბია, მე კი, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ მეორე მარჯვენა გარემარბი გარინჩას შემდეგო.

© cpourtesy of Anzor Kavazashviliგიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი და მიხეილ მესხი
გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი და მიხეილ მესხი - Sputnik საქართველო
გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი და მიხეილ მესხი

მე, სამწუხაროდ, ფეხბურთში ოპერასავით კარგად ვერ ვერკვევი, ამიტომაც უამრავი რამ წავიკითხე სლავა მეტრეველის შესახებ, და თამაშების ნაწყვეტებიც ვნახე. ჟურნალისტი ლევ ფილატოვი განსაკუთრებით გამოყოფს სლავას გოლს საფრანგეთის „პარკ-დე-პრენსეს“ სტადიონზე, იუგოსლავებთან ევროპის თასზე. საბჭოთა ნაკრები აგებდა 0–1-ს, წვიმდა. მეტრეველს მოწინააღმდეგის კართან ფეხი დაუცდა, იუგოსლავიის მეკარე ვიდენიჩი ბურთისკენ გაემართა და უცებ… ვერ გაიგებ საიდან, ჩრდილივით გაიელვა სლავამ და ფაქიზად, მეკარის ხელთათმანებს შორის ფეხი მიარტყა ბურთს. მან ფაქტიურად მეკარეს ერთი ხელის მტევნის სიგრძით დაასწრო. ეს არ იყო უბრალოდ საპასუხო გოლი, ამ გოლმა მთელი ნაკრები გამოაცოცხლა და მათ ამ მატჩში გაიმარჯვეს.

მე კიდევ გუშინ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩისგან“, როდესაც სლავა უკვე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში გამოდიოდა. მატჩი ტაშკენტში ჩატარდა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ხვდებოდნენ მოსკოვის „ტორპედო“ და თბილისის „დინამო“. „დინამომ“ „ტორპედო“ 4:1 დაამარცხა. გოლები გაიტანეს ილია დათუნაშვილმა (ორი), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა. და თბილისის „დინამო“ პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

ვინც ბატონ სლავას იცნობდა, ყველა განსაკუთრებით ხაზს უსვავს მის თავმდაბლობას და კეთილშობილებას. მან საერთოდ არ იცოდა დასვენება. დასვენებისთვის განკუთვნილ საათებში აქეთ-იქით დადიოდა და მოსაუბრეს ეძებდა, ასე ამბობდა — წოლა არ შემიძლიაო.

სპეციალისტების შეფასებით, სლავას ფეხბურთი ფილიგრანული ხელოვნების რანგში აჰყავდა. მისი თამაშით აღფრთოვანებული იყვნენ სამხრეთამერიკელებიც კი, ვისი გაკვირვებაც ძალიან ძნელია. სხვა თუ არაფერი, სლავა მეტრეველი თავად პელემ მიიწვია გამოსამშვიდობებელ მატჩში მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში.

მტკვრისპირელი გარინჩა

დღეს, სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთისთვის არც თუ ისე წარმატებული ხანაა. ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ ჩვენი ბრალიც არის – ამ ტექნიკისა და ტექნოლოგიების ეპოქაში ცოტა ემოციები შემოგვაკლდა, კარგ ფეხბურთელს ხომ არანაკლებ კარგი მაყურებელი სჭირდება…

ბოლოს კი შემოვტრიალდები თქვენსკენ მაისურით, ნომერი „10“ რომ დაინახოთ და მოვუსმინოთ „დინამო-დინამო-დინამოს“ — სიმღერას ფეხბურთზე, რომელიც ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რამხელა დღესასწაული ყოფილა და რომელსაც მე დღეს ვუძღვნი სლავა მეტრეველს და კიდევ შესანიშნავ დავით ყიფიანს, რომელმაც ზუსტად ამ დღეს, 1981 წლის 30 მაისს ითამაშა თავისი ბოლო მატჩი სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და 1981 წლის 13 მაისივით წარმატებულ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0