თბილისი, 30 მაისი — Sputnik. „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების ადმინისტრირება გაჭირდება, მიაჩნია ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარეს ირაკლი თედორაძეს.
„სიგარეტის აკრძალულ ადგილას მოწევის ყოველ ფაქტზე პოლიციის გამოძახება, სამართალდამცავების სამუშაო გრაფიკს გადატვირთავს. ქვეყანაში მწეველების რაოდენობიდან და ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ვფიქრობ პოლიციას არ ეყოფა ეკიპაჟების რაოდენობა, ყველა გამოძახებაზე მისასვლელად. არა და თითოეული შემთხვევა რეაგირებას მოითხოვს"- აღნიშნა ირაკლი თედორაძემ „Sputnik საქართველოსთან" საუბრისას.
ექსპერტის აზრით, კარგი იქნებოდა კანონდამრღვევი მწეველის დაჯარიმების უფლება თვითონ იმ დაწესებულებების მენეჯერებსაც ჰქონდეთ, რომლებშიც მოქალაქეებს მოწევა ეკრძალებათ.
რაც შეეხება იმას, შეამცირებს თუ არა ეს ცვლილები თამბაქოს მოხმარებას, თედორაძის თქმით, კანონი არ კრძალავს მოწევას. ის მას მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში ზღუდავს, აქედან გამომდინარე ეს ცვლილებები არც მწეველების რაოდენობაზე იმოქმედებს და არც გაყიდვების მოცულობაზე აისახება.
კანონი, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების შეზღუდვასთან ერთად, ითვალისწინებს მოწევის სრულ აკრძალვას ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა. შენობაში თამბაქოს მოხმარებისთვის, იურიდიული პირი თავდაპირველად, 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 2 ათასი, ხოლო სისტემატური მოხმარებისას 5 ათასი ლარით დაჯარიმდება.