საქართველოში მწეველთა რაოდენობა იზრდება

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშიაქცია თამბაქოს მოწევის წინააღმდეგ
აქცია თამბაქოს მოწევის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში მწეველთა რაოდენობა 30%-დან 33%-მდე გაიზარდა.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოში, მთავრობის მხრიდან თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკის მიუხედავად, მწეველთა რაოდენობა იზრდება, განუცხადა ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ.

საქართველოში მწეველთა რაოდენობა 2016 წელს 2010 წელთან შედარებით 30%-დან 33%-მდე გაიზარდა.

 „ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა იზრდება, რაც ძალიან საგანგაშოა. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ მწეველთა რაოდენობა იზრდება როგორც ახალგაზრდებში, ისე ქალებში… ამიტომ, საჭიროა სასწრაფოდ გარკვეული ღონისძიებების გატარება“, — განაცხადა კვარაცხელიამ. 

თბილისი - Sputnik საქართველო
1 იანვრიდან თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებზე და ავტომობილებზე აქციზი გაიზარდა

მისი თქმით, ყოველ წელს საქართველოში თამბაქოს ნეგატიური ზეგავლენით დაახლოებით 10 000 ადამიანი იღუპება.

თბილისში, 29 მარტს,  „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღის ფარგლებში კონფერენცია  გაიმართა, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრის გზებს მიეძღვნა.  აღნიშნული დღე 1997 წელს თამბაქოს წინააღმდეგ ეროვნული ცენტრის დირექტორმა გელა კობეშავიძემ დაარსა.

 „20 წლის განმავლობაში თამბაქოს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალა. ადრე, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ მოწევას უნდა ვებრძოლოთ, ყველა იცინოდა. ამას არასერიოზულად უყურებდნენ. ასე გაგრძელდა წლების განმავლობაში. ახლა ეს დამოკიდებულება შეიცვალა, მაგრამ მწეველთა რაოდენობა მაინც იზრდება“, — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ.

მისი თქმით, საქართველომ ისეთი ზომების გატარება უნდა შეძლოს, რომლებიც ბავშვებს მოწევის დაწყებაში ხელს შეუშლის, ხოლო თამბაქოზე დამოკიდებულ ადამიანებს ამ მავნე ჩვევისგან გაათავისუფლებს. 

თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - Sputnik საქართველო
მინისტრი თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ: ჯანმრთელობა ყველაფერზე მაღლა დგას

 „ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში თამბაქოსგან თავისუფალი სივრცე შეიქმნას… გვინდა, რომ საქართველომ ამას მიაღწიოს, რადგან ამას მიაღწიეს ქვეყნებმა, სადაც დემოკრატიისა და საზოგადოების განვითარების დონე საქართველოსთან შედარებით უფრო დაბალია. საქართველოში ამას ვერ მივაღწიეთ, რადგან აქ საზოგადოების კეთილი ნება არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით“, — განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

კონფერენციის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის სასწრაფო დამტკიცების მნიშვნელობა, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევას კრძალავს. პაკეტი ითვალისწინებს მოწევის აკრძალვას ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და შენობაში, საცხოვრებელი სახლებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების გარდა.

თამბაქოს კონტროლის გამკაცრების ხუთწლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოში 2013 წელს დამტკიცდა.

ყოველ წელს მსოფლიოში მოწევისგან დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი იღუპება. 600 ათასი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზად ე.წ. პასიური მოწევა სახელდება. მათგან 31% ბავშვები არიან, ხოლო 64% — ქალები.


ყველა ახალი ამბავი
0