„გიშერის’’ დამფუძნებლებლები ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები მარიამ ღლონტი და ნინი რესულიძე არიან. მარიამი და ნინი პირველი კლასიდან ერთად მოდიან და ქართული კოსმეტიკის შექმნის იდეაც ერთად, ბულგარეთში ყოფნის დროს გაუჩნდათ.
ნინი: ერთი წლის წინ ვიყავით ბულგარეთში, ვნახეთ, რომ ირგვლივ ყველგან იყო მაღაზიები, სადაც შესაძლებელი იყო ბულგარეთში წარმოებული კოსმეტიკის შეძენა. ტურისტული თავშეყრის ყველა ადგილზე ვხედავდით ადგილობრივი კოსმეტიკის სტენდებს, თან ვარდის სურნელით. ბულგარეთი ხომ ცნობილია, როგორც ვარდების ქვეყანა. იქიდან წამოსვლის შემდეგ დავფიქრდით – რატომ არ უნდა ყოფილიყო საქართველოში ისეთი ბრენდი, რომელიც იქნებოდა ტურისტებზე გათვლილი და აწარმოებდა ქართულ ორგანულ კოსმეტიკას.
მარიამი: სიტყვა „გიშერი“ „ვეფხისტყაოსნიდან’’ ავიღეთ, როგორც სილამაზის მეტაფორა. გვინდა ტურისტებს გავაცნოთ საქართველო და „ვეფხისტყაოსანი’’ — საქართველოს საგანძური. ზაფხულისთვის ვგეგმავთ, რომ გვქონდეს ახალი, საინტერესო შეფუთვები, რომლებიც მიიქცევენ ტურისტების ყურადღებას და ქართველი ხალხისთვისაც სასიამოვნო იქნება ქართული კოსმეტიკის „ვეფხისტყაოსნის’’ დეტალებით გაფორმება.
დამფუძნებლები პროდუქციას საკუთარი ხელით ქმნიან. კონტეინერებსა და შესაფუთ მასალას უცხოეთიდან იწერენ. მათივე თქმით, აქტიურად ეძებენ საქართველოში ისეთ ქარხანას, რომელიც დაუმზადებს ამ ყველაფერს, რადგან სურთ „გიშერი’’ ბოლომდე ქართული, აქ დამზადებული იყოს.
„გიშერი’’ ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ამზადებს ოთხი ფერის მყარ და ხუთი ფერის თხევად ტუჩსაცხებს, ე.წ. გლოსს და ხუთი ფერის ფრჩხილის ლაქს. თავდაპირევლად სულ 200 ეგზემპლარი დამზადდა და „ბათუმი მოლში’’ სამ დღეში სრულად გაიყიდა.
– როგორი იყო იდეის განხორციელებისა და განვითარების ეტაპები?
ნინი: საზოგადოების წინაშე სულ სამი კვირაა, რაც გამოვჩნდით. მანამდე იყო ბრენდინგი, ლოგოს შექმნა, შეფუთვები. ერთი წლის განმავლობაში მთელი ძალისხმევით ვიმუშავეთ. ვმუშაობდით რეცეპტებზე დერმატოლოგებთან ერთად, ისინი გვიმოწმებდნენ, რაიმე ხომ არ იქნება ალერგიული, რეაქციაში ხომ არ შევა. მათი დახმარებით ვაკეთებდით, ვტესტავდით. არანაირ ტესტირებას არ ვატარებთ ცხოველებზე, მხოლოდ საკუთარ თავზე ვცდით. შევისწავლეთ ქართული ბაზარი, დავდიოდით, ყველაფერს ვაკვირდებოდით, რას ყიდულობდნენ, ვიწერდით ფასებს, ჩავატარეთ გამოკითხვაც. ფინანსურად კი მშობლები გვეხმარებიან.
პირველი, რაც გავაკეთეთ, ის იყო, რომ შევქმენით ყველანაირად მოწესრიგებული ადგილი პროდუქციის დასამზადებლად. ლაბორატორია ჩვენივე ხელით გავაკეთეთ. სახლთან ახლოს გვქონდა პატარა ფართი, გავაკეთეთ რემონტი, შევღებეთ, ჩვენთვის მთავარი იყო, რომ ესთეტიკური მხარე მოწესრიგებული ყოფილიყო, რათა ხალხს ნდობის ფაქტორი გასჩენოდა.
– როგორც აღნიშნეთ, თქვენი ნაწარმი ნატურალურია. სად მოიძიეთ რეცეპტები და რა შემადგენლობა აქვს პროდუქციას?
მარი: რეცეპტებს ვიღებთ ინტერნეტიდან, წიგნებიდან, სხვადასხვა ადამიანების გამოცდილებიდან, უძველესი ტექნოლოგიებიდან. შემდეგ შევაზავეთ და მივიღეთ იდეალური ფორმულა, რომელიც იქნებოდა ნატურალური, ყველანაირი ქიმიური მინარევების გარეშე, ეს არ ეხება მხოლოდ ფრჩხილის ლაქს. ლაქი ფრჩხილს იცავს დაზიანებისგან, ადვილად შრება, არ ტოვებს თეთრ ლაქებს, დაახლოებით ერთ-ორ კვირას ძლებს.
ნინი: ტუჩსაცხისთვის ისეთი ფორმულა შევქმენით, რომ ის ყოფილიყო მკვებავი, გამაჯანსაღებელი, დამატენიანებელი და სამკურნალო. გვინდოდა საქართველოშიც ყოფილიყო ისეთი პროდუქტი, ქალებისთვის ხელმისაწვდომ ფასად, რომელიც თავისუფალი იქნებოდა ყველანირი მძიმე მეტალისგან და იქნებოდა ორგანული.
ტუჩსაცხი შედგება ნატურალური თაფლის ცვილისგან, შის კარაქისგან, ქოქოსის ზეთისგან, აბუსალათინის ზეთისგან, ნუშის ზეთისგან, ვამატებთ კოსმეტიკურ ეთერზეთებს. ინგრედიენტებს ძირითადად ვყიდულობთ აფთიაქებში.
– რა სირთულეები გხვდებათ მუშაობის პროცესში?
— როდესაც ჩავატარეთ პირველი ექსპერიმენტი, გვეგონა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად გამოვიდოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი სირთულე შეგვხვდა, ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა ეს პროცესი. პარალელურად ვსწავლობთ უნივერსიტეტში, ხშირად ღამეებიც გვითენებია ლაბორატორიაში.
– როგორ მიიღო საზოგადოებამ თქვენი პროდუქცია?
— საზოგადოებამ ძალიან კარგად მიიღო, არ ველოდით ამხელა გამოხმაურებას. ეს ჩვენთვის შოკი იყო. როცა ბოლომდე ჩამოვყალიბდებოდით ბრენდად, მერე ველოდით წარმატებას. საქართველოში ისეთი დამოკიდებულებაა ქართული პროდუქციის მიმართ, რომ ცოტა საშიში იყო ბაზარზე გატანა, ხალხს ჰგონია, რომ ქართული უხარისხოსთან არის დაკავშირებული. ამხელა გამოხმაურების ფონზე ასმაგად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ არ გადავუხვევთ ჩვენ მიზანს, რომ პროდუქტი იყოს ნატურალური.
– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
— უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დავამატოთ ტუჩის კონტურები, თვალის ჩრდილები, წარბების კორექტორები, ყველაფრის რეცეპტები გვაქვს გამზადებული, თითქმის ყველანაირ კოსმეტიკურ საშუალებაზე გვაქვს ცდები ჩატარებული. ვმუშაობთ საბავშვო კოსმეტიკაზეც.
თავდაპირევლად გვინდოდა ხალხის აზრი გაგვეგო, გამოგვეცადა, როცა უკვე ჩამოყალიბებულები ვიქნებით, რომ ეს არის ის პროდუქტი, რისი შენარჩუნებაც გვინდა ბოლომდე, შემდეგ ავიღებთ ყველანაირ საბუთს და სერტიფიკატს. აგრეთვე, საქართველოში კარგად რომ მოვიკიდებთ ფეხს, ვეცდებით ექსპორტზეც გავიდეთ.
– რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც ბიზნესის დაწყება სურს?
არ შეშინდნენ. ძალიან ბევრს ვიცნობთ, ვისაც აქვს იდეები, მაგრამ ეშინიათ რესურსების არქონის გამო. მთავარია იყოს იდეა, ისეთი სიახლე, რასაც აიტაცებს საზოგადოება და ფინანსების პოვნაც შეიძლება.
ხატია გიგოლაშვილი