თბილისი, 30 მაისი — Sputnik. უკრაინელი სპეციალისტი კონსტანტინ ფროლოვი საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა, ნათქვამია გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
44 წლის ფროლოვსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის ხელშეკრულება სეზონის ბოლომდეა გათვლილი. გარიგების ფინანსური მხარე არ ხმაურდება.
2014/2015 წლის სეზონზე ფროლოვი საქართველოში უკვე მუშაობდა. მაშინ უკრაინელი სპეციალისტი სამი თვის განმავლობაში ქობულეთის „შუქურას" ხელმძღვანელობდა, თუმცა ზამთრის პაუზის პერიოდში მოულოდნელად დატოვა გუნდი.
მანამდე ფროლოვი ავარჯიშებდა ოდესის „ჩერნომორეცის" მეორე შემადგენლობასა და ყაზახეთის 17-წლამდელთა ნაკრებს.
ფროლოვის ბოლო სამუშაო ადგილი იყო „ჩერნომორეცის" აკადემიაში სპორტული დირექტორის პოსტი.
ბათუმის „დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფროლოვმა ლევან ხომერიკი შეცვალა, რომელმაც გუნდი მაისის შუა რიცხვებში დატოვა.
საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგაში 15 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო" 16 ქულით მერვე ადგილს იკავებს.