თბილისი, 29 მაისი — Sputnik. უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე ანდრეი პარუბიმ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ თბილისში სამმხრივი შეხვედრა გამართეს.
პარუბი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. ორშაბათს მან მონაწილეობა მიიღო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომაში, რომელზეც მიიღეს დეკლარაცია „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ".
„შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატების, რეგიონში არსებული ვითარებისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს", — ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობისა და სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გააქტიურების მნიშვნელობას.
„პაოლო ალიმ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მათი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. მისი თქმით, ასამბლეა მზად არის, ქვეყნებს ამ მიმართულებით მიზნის განხორციელებაში დაეხმაროს", — აღნიშნულია განცხადებაში.
პარუბი საქართველოში მაღალი დონის რიგ შეხვედრებს გამართავს — საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ასევე საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენელებთან. მისი ვიზიტი 30 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
საპარლამენტო ასამბლეა, ლიანსის წევრი ქვეყნებისთვის უშიშროების საკითხების განხილვის ერთგვარი არენაა. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა შეიქმნა 1955 წელს. პირველი სხდომა გაიმართა იმავე წლის 18-22 ივნისს. საქართველო ასამბლეის ასოცირებული წევრია 1999 წლიდან. მას შემდეგ საქარელოს წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ ასამბლეის ღონისძიებებში.