პიონერთა სასახლეში 5 წლის ასაკიდან მღერის. კინოშიც ბავშვობიდან იღებენ და 12 წლის იყო, როცა ერთი შავ-თეთრი ფილმის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა. კიდევ, იმ ლამაზი ქალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც ბავშვური იერი და სიცოცხლის ხალისი ბოლომდე შენარჩუნებული აქვს.
- ქალბატონო თამარ, შავ-თეთრი ფილმი „კედელი“, სადაც კინოში პირველად გამოჩნდით, თქვენთვის კარგი გაგებით, საეტაპო აღმოჩნდა, იმიტომ, რომ ის თქვენი მსახიობური კარიერის ამოსავალი წერტილი გახდა.
— კი, ამოსავალი ნამდვილად ამოსავალი წერტილი იყო, თუმცა მე ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან ვავლენდი ჩემს მსახიობურ ნიჭს: ყველგან მე მამღერებდნენ და მაცეკვებდნენ. ჩემი სახით უფროსებს ლექსი, სიმღერა, გარეგნობა, სცენისთვის საჭირო — დასრულებული სახე მზად ჰქონდათ. შემდეგ იყო პიონერთა სასახლე, სადაც დაიდგა საბავშვო ოპერა, რომლის რეჟისორი თემურ ჩხეიძის მამა, ნოდარ ჩხეიძე იყო. იმ ოპერისთვის ილია სიხარულიძის ტექსტზე მუსიკა კომპოზიტორმა ელეონორა ექვთიმიშვილმა დაწერა. მერე როცა ფილმისთვის „კედელი“ გოგონას როლის შემსრულებელს ეძებდნენ, მე წამიყვანეს. ეს უკვე სკოლაში იყო, მაშინ 12 წლის ვიყავი.
- როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ადამიანების ურთიერთობაში იმ კედლიდან სოციალური ქსელის კედლამდე?
— ის კედელი მაშინდელი ურთიერთობის საშუალება იყო, წარწერები კი მასზე თავისებური მესიჯები. არავინ თქვას, რომ იმ კედელზე უფრო მეტი დადებითი ემოცია იგრძნობოდა. იქაც არის ცელქი ბიჭის ტიპაჟი, რომელსაც რაღაც ნეგატიური მომენტი შეაქვს ურთიერთობაში. უბრალოდ დღეს ინტერნეტის გამო ბავშვებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ. რაც შეეხება ფილმში გამოყენებულ კედელს, რომელიც ბარათაშვილის ხიდთან რომ საგამოფენო დარბაზია, მის მარცხენა მხარეს იყო და დღეს აღარ არსებობს. ის ფილმი სწორედ იმ კედელთანაა გადაღებული.
- ფილმში თქვენს გვერდით ისეთი გამორჩეული თბილისელები არიან, როგორიც იყვნენ გია ფერაძე და საშა იოსელიანი…
— საშკა იოსელიანი სკოლიდან მოყოლებული ჩემი მეგობარი იყო. მერე ინსტიტუტშიც, თუმცა სხვადასხვა ჯგუფში ვიყავით, მაგრამ მაინც ერთად ვსწავლობდით. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. გია ფერაძე ჩემზე უფროსი იყო და მაშინ ხომ ძალიან დიდი მეჩვენებოდა. მასთან ურთიერთობა თეატრალურ ინსტიტუტშიც მქონდა. მახსოვს, გია ჩვენს სკოლაში გოგოებთან რომ მოდიოდა. ჩემი დაბადების დღეზეც ხშირად მსტუმრობდა. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ჩემი მეუღლე, ზურაბ ცინცქილაძე მასზე გიჟდებოდა, მისი ანეგდოტების მოყოლა უყვარდა. როცა გია ანეგდოტების მოყოლას იწყებდა, რადგან ისინი უკვე მოსმენილი ჰქონდა, ზურა წინასწარ იცინოდა. მისი ასეთი რეაქცია კი გიას ძალიან ართობდა და მოსწონდა.
- ქალბატონო თამარ, შეიძლება ითქვას, რომ თეატრში ქალის საუკეთესო როლებით განებივრებული იყავით…
— მართლაც ასე იყო, ქალის საუკეთესო როლებით მართლაც განებივრებული ვიყავი. 20 წლის მანძილზე თეატრში თითქმის ყველა ქალის საუკეთესო როლი მაქვს ნათამაშები: ჯულიეტა, ჟანა დ'არკი, ლედი მაკბეტი, დონა ანა და ასე შემდეგ. ჩემთვის ყველა მათგანი მნიშვნელოვანია. ლედი მაკბეტი იყო ჩემი ბოლო და ყველაზე გამორჩეული, გარკვეულად ბეწვის ხიდზე გასავლელი როლი. რადგან მისი თამაშის დროს ზედმეტიც არ უნდა გააკეთო და არც რაიმე დააკლო. ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში სპექტაკლში „ნუ გეშინია დედა“ მთავარი როლი მათამაშეს. ჩემი შემოქმედება უფრო დატვირთული იქნებოდა, რომ არა ის რთული სიტუაცია და ომი. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა აირია და ყველაფერი, მათ შორის თეატრიც გაჩერდა. მსახიობები სტაჟირებას მარჯანიშვილის თეატრში გავდიოდით, ჩვენ დოდო ალექსიძის ჯგუფი ვიყავით. იგი არაჩვეულებრივი პედაგოგი იყო. ჩვენმა ჯგუფმა მაშინ თეატრის ცალკე გახსნა მოინდომა. ამ საქმეში ხელისშეწყობაც გვქონდა, შენობის არჩევაში ჩვენი მსახიობის ახლობელი, ბატონი შოთა ყავლაშვილი დაგვეხმარა. ჩვენი თეატრი ძალიან პოპულარული იყო და ჩვენს დასს ყოფილ საბჭოთა კავშირში ბევრი გასტროლი ჰქონდა, ამ მხრივ გამორჩეული ვიყავით. ლედი მაკბეტის პრემიერა საარბრიუკენში ვითამაშეთ, რაზეც ძალიან კარგი რეცენზიები დაიწერა და კარგი შეფასება მოგვცეს. მეტეხის თეატრის მსახიობები ვიყავით ტაძარში, სადაც ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ. მაშინ გვეგონა, რომ ამით ტაძარს ვპატრონობდით…
- როდის გადაწყვიტეთ მეტეხის ტაძრიდან გამოსვლა?
— ჩვენ თვითონ მივხვდით, რომ მეტეხის ტაძრიდან უნდა გამოვსულიყავით. ამის მაგალითი ყველას ჩვენ, დამაარსებლებმა მივეცით და თეატრიდან პირველები წამოვედით. ჩვენთვის ახალი შენობა უნდა მოეცათ. იმავე დღეს კინოსტუდიის შტატში მიგვიღო ბატონმა რეზო ჩხეიძემ, რაც მისი მხრიდან არაჩვეულებრივი საქციელი იყო, მაგრამ მოხდა ის, რომ ჩვენ თეატრს, რომ იტყვიან, ავცდით. თეატრი მსახიობისთვის იგივე სახლია. კინოში კი ხან ხარ როლში, ხან არა. ხან ერთ რეჟისორთან ხარ ფილმში, ხან მეორესთან. როცა თეატრის მსახიობი ხარ, კინოში წასვლა თავისებურად ღალატია, მაგრამ პირადად მე არ ვღალატობდი და კინოში ბევრ როლზე მაქვს უარი ნათქვამი, დღემდე ბევრ რამეზე ვამბობ უარს…
- შეგიძლიათ გაგვანდოთ, რა არის თქვენი მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო?
— რა გითხრათ, მიყვარს სიცოცხლე, ადამიანები, ხელოვნება, მიყვარს პოზიტივი… რაც შეეხება იმას, ასაკი რომ არ მეტყობა, ასეთ ამბავს მოგიყვებით: წელს ათენში გასტროლებზე ვიყავით, სპექტაკლში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ზურა ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა. მანამდე მე ზღვაზე ვიყავი და ზურას ვთხოვე, რომ სახლიდან ჩემი კაბები ჩამოეტანა. მართლაც ჩამომიტანა, მაგრამ… ჩემი შვილიშვილის კაბები, რომელიც ოქტომბერში 18 წლის ხდება, მითხრა: მე შენი კაბები მეგონაო. გულწრფელად გითხრათ, სადღაც მესიამოვნა, რომ ასე შეეშალა…
-ქალბატონო თამარ, დავუშვათ, არ გამოსულიყავით მსახიობი, ვინ გამოხვიდოდით?
— ალბათ ისევ სცენაზე ვიქნებოდი, ოღონდ როგორც მომღერალი. მე ხომ ბავშვობიდან ვმღეროდი. ყველა სპექტაკლში მამღერებდნენ. სხვის მაგივრადაც ჩემს ნამღერს უშვებდნენ. კომპოზიტორ დიმა ჯაიანს ძალიან უნდოდა, რომ მისი სიმღერები სცენაზე მემღერა. როცა კომპოზიტორ ნიკა ოძელის მუსიკალური სპექტაკლი იდგმებოდა, იმ მიუზიკლში თითქმის ყველა არიას მე ვასრულებდი. მერე არაჩვეულებრივმა კომპოზიტორმა, იაშა ბობოხიძემ დამიწერა სიმღერა, რომელიც ჩავწერეთ კიდეც. საერთოდ, გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობ, თეატრმა ჩემი სახით კარგი მსახიობი დაკარგა… თუმცა მაინც ბედნიერი ვარ იმით, რომ ძალიან საინტერესო და დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება მქონდა…