თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გასაუბრების შემდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის 24 კანდიდატიდან ხუთი შეარჩია, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
უახლოეს პერიოდში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხუთკაციან სიას მთავრობას წარუდგენს, რომელიც, თავის მხრივ, სამ კანდიდატს შეარჩევს და ივნისში ევროპის საბჭოს გაუგზავნის. ამჟამად საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ნონა წოწორია წარმოადგენს, რომლის უფლებამოსილება უკვე ამოიწურა, მაგრამ ახალი მოსამართლის დანიშვნამდე ავტომატურად გაგრძელდა.
გასაუბრების შედეგად საუკეთესო შედეგები აჩვენეს საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ (5 ქულა), პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძემ (4,69), იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა შოთა გეწაძემ (3,85) და თამარ ალანიამ (3,77) და ქვეყნის მთავარი პროკურატურის თანამშრომელმა ირაკლი დონდოლაძემ (3,69).
განმეორებითი კონკურსი საქართველოს მთავრობამ 20 თებერვალს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც იანვარში წარდგენილი კანდიდატთა სამკაციანი სია ევროპის საბჭომ უარყო. საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარდგენილი იყვნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სტრასბურგის სასამართლოს თანამშრომელი გიორგი ბადაშვილი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე.
ამასთან ერთად შესარჩევი კომისიის რიგ წევრებს კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ.
„ამ სიაში, სამწუხაროდ, არიან კანდიდატები, რომლებიც, ჩემი აზრით, საუკეთესო შეფასებას არ იმსახურებდნენ, და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კომისიის ზოგიერთი წევრის ობიექტურობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა, თავის მხრივ, არ გამორიცხა, რომ ამ სიასაც, შესაძლოა, ევროპის საბჭომ მხარი არ დაუჭიროს.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის კანდიდატებს სპეციალური კომისია არჩევდა. კომისიის წევრებს შორის, გარდა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარისა, იყვნენ იუსტიციის მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მთავარი პროკურატურის პროკურორი, ქუთაისის, თბილისის სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი.
კომისიაში ასევე შედიან „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ წარმომადგენელი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი და კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლები.