თბილისი, 29 მაისი — Sputnik. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კომპიუტერული სისტემის ხელყოფის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და თაღლითობის ბრალდებით, თბილისსა და გორში 5 პირი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-ცენტრი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქის ინტერნეტ ბანკის პირადი მონაცემები მოტყუებით მოიპოვეს და მათი გამოყენებით, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხები აიღეს. დაკავებულები, სესხის დამტკიცების შემდეგ, ფულს მათთვის ხელმისაწვდომ ანგარიშზე რიცხავდნენ, საიდანაც ხდებოდა თანხის განაღდება. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის საშუალებით, ბრალდებულები საკრედიტო დაწესებულებების კუთვნილ 15 000 ლარს უკანონოდ დაეუფლნენ.
გამოძიება კომპიუტერული სისტემის ხელყოფის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით).