თბილისი, 29 მაისი — Sputnik. სეტყვამ სიღნაღის რაიონის სამ სოფელში ვენახები, ხეხილის ბაღები და ნათესები დააზიანა, იუწყება ტელეკომპანია „Rustavi2“.
სამი სოფლიდან — ჯუგაანი, ბოდბისხევი და ტიბაანი —ყველაზე მეტად ტიბაანი დაზარალდა.
„საბედნიეროდ, საქონელი და ფრინველი არ დაზარალებულა, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვენახებს სერიოზული ზიანი მიადგათ, დაახლოებით 80-90% განადგურებულია“, — განაცხადა ტიბაანის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა ლია მაძღარაშვილმა.
„მთელი ეზო თხილისოდენა სეტყვამ დაფარა. ყველაფერი განადგურებულია: ბოსტნეული, ვენახი… ალბათ, ამ წელსაც შიმშილი გველოდება“, — განაცხადა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ნინო აგულაშვილმა.
ელჭექის გამო ჯუგაანში ქვესადგური მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც სამ სოფელს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება.
დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემის საკითხი ზარალის დათვლის შემდეგ გაირკვევა.