თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ თბილისში საგაზაფხულო სესიის დასკვნით დღეს ხმათა უმრავლესობით მიიღო დეკლარაცია "საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ", ნათქვამია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დეკლარაციის მიხედვით, ნატო აფასებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ასევე ავღანეთში მიმდინარე მისიაში "მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support). იქვე აღნიშნულია, რომ ალიანსი პატივს სცემს ავღანეთში დაღუპულ ქართველი სამხედროების ხსოვნას.
ალიანსი ასევე მიესალმება საქართველოსთან მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკულ თანამშრომლობას, რომელიც ხორციელდება საქართველო-ნატოს კომისიის, ყოველწლიური ნაციონალური პროგრამისა და ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP), რომელიც ქვეყანამ 2014 წლის უელსის სამიტზე მიიღო.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა საქართველოში 2016 წლის ივლისში თავდაცვის ინსტიტუციური აღორძინების სკოლის (DIB) გახსნას, ისევე, როგორც 2015 წლის აგვისტოში საქართველო-ნატოს სწავლებისა და შეფასების ერთიანი ცენტრის (JTEC) გახსნას და 2016 წლის ნოემბერში პირველი ერთობლივი წვრთნების Agile Spirit-ის ჩატარებას.
ალიანსმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს დემოკრატიის მზარდ კონსოლიდაციას, ინსტიტუტების გამჭვირვალობის ამაღლებას და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან და თანმიმდევრულ პროგრესს, რაც მთელი რეგიონისათვის ძალიან პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს.
დეკლარაციაში ასევე გამოხატულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში 26 მაისს დაიხსნა. ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებიდან დაახლოებით 600 დელეგატი საკომიტეტო სხდომებში სამი დღის განმავლობაში მონაწილეობდა.
ბოლო დღეს გაიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი.