ქართველი, რომელმაც პირველმა გამოიყენა ფრანგის სამი საუკუნის წინანდელი გამოგონება

© სოსო ნარჩემაშვილის პირადი არქივისოსო ნარჩემაშვილი
სოსო ნარჩემაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარმოიდგინეთ, არსებობის დღიდან რამდენი საჭირო გამოგონება ეკუთვნის. მათ შორის არის ისეთები, რომლებიც პრაქტიკულად მხოლოდ საუკუნეების შემდეგ გამოიყენეს. ანუ არსებობდა გამოგონება ფურცელზე, სანამ ბევრი წლის მერე ადამიანმა რეალურად არ დაინახა მისი საჭიროება.

ასე მოხდა წყლის საქაჩ ტუმბოს შემთხვევაშიც, რომლის შექმნის იდეა ოთხი საუკუნის წინ გაჩნდა. ფრანგი მეცნიერი ალბათ მაშინ ვერც იფიქრებდა, რომ მის გამოგონებას რეალურად შორეულ საქართველოში გამოიყენებდა ქართველი მეცნიერი, თანაც ოთხასი წლის მერე. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ეს ტუმბო ბატონმა სოსო ნარჩემაშვილმა ხელახლა გამოიგონა. რაც მთავარია, ამ ტუმბოს ასამუშავებლად არც ადამიანის შრომაა საჭირო და არც საწვავი.

-ბატონო სოსო, თუ შეიძლება განვუმარტოთ მკითხველს, რას წარმოადგენს თქვენს მიერ გამოყენებული ტუმბო?

— საუბარია ტუმბოზე, რომელიც ჰიდრავლიკურ დარტყმის საფუძველზე მუშაობს, ანუ სიჩქარის მკვეთრი შემცირება ჰიდრავლიკურ დარტყმებს იწვევს. თუ წყლის სიჩქარეს მკვეთრად შევამცირებთ იქმნება ჰიდრავლიკური დარტყმა, რომელიც წარმოშობს ძალიან დიდ წნევასა და დიდ ძალას, რასაც წყლის ამოსაქაჩად იყენებენ. მას იყენებენ საოჯახო და სათევზე მეურნეობაში ანუ ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, რომ ტუმბომ წყალი ამოიღოს. წყლის ამოღება მარტივად არ ხდება, ამას სჭირდება ქანობი, ანუ დაწნევის შექმნა. რაც იმას ნიშნავს, რომ ტუმბოსა და წყლის დონეს შორის დონეთა სხვაობა უნდა შევქმნათ. საჭიროა, რომ ტუმბო წყლის სიმაღლეზე დაბლა  იყოს. 

- ვის ეკუთვნის ამ ტუმბოს გამოგონება?

— ეს ტუმბო 1788 წელს ფრანგმა მეცნიერმა მანგოზემ ჰიდრავლიკური ტარანის სახით გამოიგონა. პრაქტიკულად კი საქართველოში დაინერგა. ჩვენში ეს დანადგარები დღეს უკვე ბევრ ადგილზეა დაყენებული. საქართველოს რეალობაში პირველად ეს გავაკეთეთ 2010 წლის მარტში იმ ტერიტორიაზე, რომელიც სოფელ სააკაძესთან ახლოსაა. იქ ცხოვრობს გოჩა ქსოვრელი, რომელიც 100 მილიმეტრიანი მკვებავი ტუმბოთი თავის 5 ჰა მიწას დღესაც რწყავს. საერთოდ მსოფლიოში ბევრი გამოგონებაა, მაგრამ როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, რეალურადზოგი მათგანი ახლა გამოვიყენეთ. ჩვენ შემთხვევაში კი უფრო მეტი წყლის მიწოდება შეგვიძლია, ვიდრე მსოფლიოში არსებულ სხვა ჰიდრავლიკურ ტარანებს. 

- და მაინც, რატომ ვერ ჰპოვა ამ გამოგონებამ მაშინ პრაქტიკული გამოყენება?

— იმ პერიოდში, მელიორაციაში, მისი გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავდნენ. ვინაიდან წყლის რაოდენობა მოთხოვნილებას ვერ ასახავდა. გარდა ამისა, მას სჭირდება შესაბამისი სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება, დანახარჯები ბევრად მეტი იქნებოდა იმ მოგებაზე, რაც ამ ტუმბოს პრაქტიკულად სარგებლობით შეეძელოთ მიეღოთ. 

-ბატონო სოსო, რამდენი წელი იმუშავეთ ამ თემაზე?

— ამ საკითხზე დაახლოებით 8-10 წელი ვმუშაობდი და ამ თემაზე ძალიან ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული. მე ვფიქრობ, რომ ეს დანადგარი საქართველოში ფართოდ უნდა დაინერგოს. ამგვარი ტუმბო ძირითადად სოფლის მეურნეობაშია საჭირო სასმელი წყლების მოსაპოვებლად და სარწყავი სისტემების ასამუშავებლად. 

-და ბოლოს, რა ღირს მსგავსი ტუმბო?

— სხვადასხვა ღირებულებისაა, ყველაზე პატარა ტუმბო —50 მილიმეტრიანი მკვებავი მილით- 250 დოლარი ჯდება, 100 მილიმეტრიანი მილით კი —1000 დოლარი. დამზადებით მათ ჩვენ ვამზადებთ, ლილოს დასახლებისკენ არის აგროგანვითარების ჯგუფი, რომელიც სწორედ ამგვარი ტუმბოების დამზადებითაა დაკავებული.  


ყველა ახალი ამბავი
0