თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვა მარტვილში ცხარე კამათისა და ხმაურის ფონზე გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).
„ხალხს თუ აქვს საერთოდ ეს პროექტი წაკითხული? დარბაზს ვეკითხები, რომელიმე თქვენგანს თუ გაქვთ კონსტიტუციის პროეტი? არა? აბა, რომელ თანხმობაზე და უარყოფაზეა აქ საუბარი? თქვენ ღირსად არ ჩათვალეთ თქვენი ამომრჩეველი და საზოგადოება, რომ მათთვის დაგერიგებინათ კონსტიტუციის პროქტი“, — განაცხადა განხილვის ერთ-ერთმა მონაწილემ.
„რუსთავი 2-ის“ ცნობით, სამ საათიან შეხვედრაზე მოქალაქეეები ხელისუფლებას შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებდნენ და უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ. ადგილობრივები მმართველ გუნდს კარჩაკეტილობაში სდებდნენ ბრალს და მიწების, გზებისა და სოციალური დაცვის პრობლემებზე მიუთითებდნენ.
როგორც ტელეარხი იუწყება, მოქალაქეთა ნაწილმა განხილვაში მონაწილეობა მეგაფონებით სცადა, რადგან შეკითხვის დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ, დამსწრეთა ნაწილმა კი შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
პარლამენტის საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის განცხადებით კი განხილვის პროცესში მონაწილეობის მსურველი ძალიან ბევრი იყო და შესაბამისად, ძალიან ბევრი კითხვაც დაისვა.
„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის მიწასთან დაკავშირებული საკითხი, კითხვები ეხებოდა ასევე სოციალურ საკითხებს, თვითმმართველობის უფლებებს“, — განუცხადა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“.
საპარლამენტო ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის — რეგიონების“ წევრ ლელა ქებურიას თქმით კი, დღევანდელმა განხილვებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საზოგადოება ძალიან დიდი სოციალური პრობლემების წინაშე დგას და „მათ აინტერესებთ არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, არამედ თუ როგორი მომავალი ექმებათ მათ როგორც სოციალურად, ისე პოლიტიკურად“.