კადრში ნაპოვნი ისტორია

© FB/ Kukuri Metreveliქაჯის ციხე, პირ-იქითა(თურქეთის) ჯავახეთი
ქაჯის ციხე, პირ-იქითა(თურქეთის) ჯავახეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაიბადა და გაიზარდა ჯავახეთში. მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება თავისი კუთხის შესწავლას მოანდომა. განსაკუთრებულად სტკივა და გულშემატკივრობს თავის კუთხეს, მან თვალდახუჭულმა იცის თითოეული ადგილი, ქვა, გორა...დღევანდელი ჩვენი სტუმარია, პუბლიცისტი, მკლევარი და ფოტოგრაფი ბატონი კუკური მეტრეველი.

ის უკვე წლებია იკვლევს მიტოვებულ შეუსწავლელ ძეგლებს. აღრიცხავს და შემდეგ აღწერს მათ ფოტოგრაფიულად. ბატონი კუკური არა ერთი პუბლიკაციის ავტორია სამცხე-ჯავახეთის ისტორიაზე. გარდა ამისა, მისი ფოტომასალა არის უნიკალური არა მხოლოდ დოკუმენტური თვალსაზრისით, არამედ მას აქვს ასევე მხატრული ღირებულებაც. ჩვენ მეტნაკლებად შევეცდებით დაგანახოთ მისი თვალით დანახული ჯავახეთი.

- ყველამ კარგად ვიცით, რომ არც ერთი წუთი არ ჩერდებით და მუდამ იკვლევთ ახალ-ახალ ძეგლების ისტორიას ჯავახეთის შესახებ…

— ზოგადად, ძალიან ცუდი დამოკიდებულება ისაა, რომ ჯავახეთზე საკმაოდ მწირი და მცდარი წარმოდგენა აქვთ თვითონ საქართველოშიც. ძალიან ცოტა ადამიანი დადის ჯავახეთის სანახავად. მთებშიც, ძირითადად, სულ უცხოელი ტურისტები თუ შემხვედრიან ხოლმე. იშვიათად, რომ ქართველები ნახო იქაურობის მოსანახულებლად ჩასულები. ჩემი აზრით, საქართველოში არსად არ არის იმდენი წარწერა შემორჩენილი, რამდენიც ჯავახეთში, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი განადგურდა, აქ მაინც ყველაზე მეტია.

© FB/ Kukuri Metreveliგანძანის ხიდი (VII,XII,XVII საუკუნეები) ნინოწმინდა, ჯავახეთი
განძანის ხიდი (VII,XII,XVII საუკუნეები) ნინოწმინდა, ჯავახეთი - Sputnik საქართველო
განძანის ხიდი (VII,XII,XVII საუკუნეები) ნინოწმინდა, ჯავახეთი

- თქვენი წინაპრები რომელი სოფლიდან იყვნენ?

— ჩემი წინაპრები კოთელიაში რაჭიდან, უწერას თემის სოფელ ნიგავზებიდან, სავარაუდოდ მე-19 საუკუნის ათიან წლებში არიან გადმოსული. რაჭიდან წამოყოლილ  ხოსიტაანთ(ხოსტაანთ) მეტრევლების სახელს ჯავახეთშიც დღემდე ვატარებთ. კოთელია – ჩემი სოფელი სუფთა ქართული დასახლებაა, სულ ქართველები ცხოვრობენ, როგორც მკვიდრი ჯავახები, ასევე, ბატონ-ყმობის პერიოდში სხვადასხვა კუთხეებიდან გამოქცეულებიც. თავის დროზე აქ აფარებდნენ თავს იმერეთის მეფე სოლომონი და ალექსანდრე ბატონიშვილი, თუ ვინმეს საქართველოს სხვა კუთხეში აღარ ედგომებოდა, აქ მკვიდრდებოდა. 

- როგორც ცნობილია, ისტორიულადაც გამორჩეული იყო ეს კუთხე…

-თავისი გეოგრაფიული მდებარეობის და ნიჭიერი მოსახლეობის წყალობით, მესხეთი ყოველთვის იყო ერთ-ერთი დაწინაურებული, ეკონომიკურად და კულტურულად განვითარებული კუთხე საქართველოსი. აქედან შემოვიდა საქართველოში წმინდა ნინო და დაიწყო „მოქცევაი საქართველოსი”. მესხეთს უკავშირდება საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები, ბევრი ქართველი სახელოვანი მეფის სახელი, მესხეთშია ქართველ მეფეთა ბაგრატიონთა დინასტიის გაძლიერების და გაბრწყინების ადგილი. აქაურობას უკავშირდება ბევრი საქვეყნოდ ცნობილი სასულიერო თუ სახელმწიფო მოღვაწის სახელი. ეს იყო, გრიგოლ ხაძთელის, იოანე პეტრიწის, გრიგოლ ბაკურიანის-ძის, პეტრე იბერის, გენიალური, შოთა რუსთაველის, სარგის თმოგველის, ბეშქენ და ბექა ოპიზარების, ბიძინა და შალვა ახალციხელების სამშობლო და სამოღვაწო ადგილი. მესხეთანაა დაკავშირებული ქართველთათვის უსაყვარლეს თამარ მეფესთან დაკავშირებული უამრავი ლეგენდა თუ ისტორიული ამბავი. აქ აშენდა ქართული მატერიალური კულტურის განუმეორებელი ძეგლები: კუმურდო, საფარა,ზარზმა, შორეთი, ჭულე, ტიმოთესუბანი.. შეუდარებელი ვარძია, მესხეთში აიგო ანტიკური აბულის და შაორის ციხე, მიუდგომელი ციხესიმაგრეები: არტანუჯი, თორთომი, ქაჯის ციხე, თმოგვი, ხერთვისი.. უამრავი ქარვასლა და ხიდი, მესხეთის ეკლესია მონასტრებში და სასულიერო ცენტრებში დაიწერა და გადაიწერა უამრავი ქართული ხელთნაწერი წიგნი. მესხეთში დაიწერა უკვდავი „ვეფხისტყაოსანი”. აქ დაიწერა  და მოიჭედა, უამარავი ხატი თუ უნიკალური ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუში. გვაქვს უამრავი, უნიკალური მეგალითური და ქრისტიანული კულტურის ძეგლების ნიმუშები, უნიკალური და საოცრად ღირებული ლაპიდარული თუ ფრესკული წარწერები.  უნიკალურია დღემდე შემორჩენილი მესხური ტერასული მეურნეობის კულტურა და „მერცხლის ბუდოვანი” ბანიანი მესხური ოდა–სახლები

© FB/ Kukuri Metreveliგოკიოს ქვედა ნატაძრალი (XII-XIII საუკუნეები), ჯავახეთი
გოკიოს ქვედა ნატაძრალი (XII-XIII საუკუნეები), ჯავახეთი - Sputnik საქართველო
გოკიოს ქვედა ნატაძრალი (XII-XIII საუკუნეები), ჯავახეთი

 — ჯავახეთის სოფლებში როგორი სიტუაციაა დღეს?

— 1829 წელს სამცხე–ჯავახეთის გამეჩხერებულ სოფლებში დაწყებული ერზრუმელი სომხების მასიური გადმოსახლების შედეგად (მთლიანობაში გეგმით გათვალისწინებული 5000-ის ნაცვლად 14044 სომხური ოჯახი იქნა ჩამოსახლებული) ხელოვნურად შეიცვალა მესხეთის დემოგრაფიული სიტუაცია და მივიღეთ ეროვნული შემადგენლობის მხრივ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ჭრელი რეგიონი, რაც მაშინვე გახდა მრავალი სახელმწიფოებრივი პრობლემის გამომწვევი მიზეზი. განსაკუთრებითებით მძიმე სიტუაცია შეიქმნა ჯავახეთში. დღეისათვის, ჯავახეთის დაახლოებით 390 სოფლიდან, 280-მდე ნასოფლარადაა ქცეული, ხოლო დასახლებული 117 სოფლიდან, მხოლოდ 36-ში ცხოვრობენ ქართველები (ბევრ მათგანში, სომხებთან ერთად). დანარჩენი სოფლები მთლიანად სომხებით და მცირედით დუხობორებით და ბერძნებითაა დასახლებული. განსაკუთრებით ბოლო წლებში მესხეთში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია მათი ისევ დაცლა და გავერანება. ამიტომაცაა, ერთ დროს საქართველოს ასე აყვავებულ კუთხეში ამდენი დაცლილი სოფელი და ნამოსახლარი რომაა.   

© FB/ Kukuri Metreveliჯავახეთი
ჯავახეთი - Sputnik საქართველო
ჯავახეთი

-რომელი სოფლებია დარჩენილი დღეს სამცე-ჯავახეთში?

— საბედნიეროდ,  სამცხე-ჯავახეთში დღემდე არსებობს ქართული სოფლები: ბაკურიანი ციხისჯვარი, ჭობისხევი, ტაშისკარი, აწყური, წნისი, კლდე, მლაშე, უდე, არალი, ვალე, ჭობარეთი, ზველი, რუსთავი, ოთა, დამალა, აწყვიტა, სარო, ხიზაბავრა, გოკიო, ბარალეთი, ბალანთა, ტაბაწყური, ბეჟანო, ღრტილა, აბული, თორია, ეშტია, დადეში, პრტენა, ჩუნჩხა, გოგაშენი, თმოგვი, ნაქალაქევი, ტოლოში და სხვა..

ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს ჯავახეთით, მეტმა ადამიანმა ნახოს აქაურობა. ყველაფერს, რაც გამოვეცი და ვაკეთებ, საკუთარი სახსრებით ვცდილობ რაც შემიძლია. სიტყვიერად ბევრი შეპირება მოვისმინე ამ საქმეში დახმარებისათვის, მაგრამ საქმით…როდესაც კარგი გაქვს და არ პატრონობ, იმაზე სხვას აქვს თვალი და სხვა ეპატრონება. ეს ყველაფერი რომ არ მოხდეს, ამას უნდა შესწავლა, სადაც საჭიროა იქამდე მიტანა, სწორედ ამაში მინდა შევიტანო ჩემი მოკრძალებული წვლილი, რომ ეს კუთხე გადარჩეს და დარჩეს ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში თავისი უნიკალური თვისებებით.

p.s. უდავოდ დიდი დანაკლისი იქნება იმ უნიკალური ქართული საგანძურის დაკარგვა, რაც დღეს ჯავახეთში ნადგურდება, მხოლოდ და მხოლოდ ისევ ჩვენი დაუდევრობისა და არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულების გამო. სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლების გადასარჩენად მარტო კეთილი ნებაა საჭირო ქართული სახელმწიფოს მხრიდან. ამისთვის უზარმაზარი თანხები და სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური შეთანხმება სრულიადაც არაა აუცილებელი. ნათქვამია, შენ თუ არ მიხვალ მთასთან, მთა მოვა შენთანო, მაგრამ ჯობია მასთან ჩვენ მივიდეთ.


ყველა ახალი ამბავი
0