თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში ავტობუსზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის გამო.
პარასკევს, დილით ორ ავტომობილში მსხდომმა უცნობმა პირებმა ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს, რომელშიც ადგილობრივი ქრისტიანები – კოპტები ისხდნენ. ინციდენტი წმინდა სამუელის მონასტრის მახლობლად ელ-მინიას პროვინციაში მოხდა. ქრისტიანები ბენი-სუეიფიდან მონასტერში მიემართებოდნენ. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 26 ადამიანი, 23 დაჭრილია. კოპტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაჭრილი 35 ადამიანია.
„ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებთ ეგვიპტელ ხალხსა და ხელისუფლებას“, — დაწერა მარგველაშვილმა Facebook-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.
სავარაუდოდ, ავტობუსთან ერთად კოლონაში შეიძლება ყოფილიყო მიკროავტობუსი და ღია ჯიპი. ავტობუსში 40-მდე ბავშვი იმყოფებოდა.
ეგვიპტის უშიშროების ძალები თავდასხმის რაიონში საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ, მონასტერთან მისასვლელი გზები გადაკეტილია.