თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და მთავრობის წევრებმა ოთხშაბათს დატოვეს ჩანაწერები სამძიმრის წიგნში, რომელიც დიდი ბრიტანეთის საელჩოში მანჩესტერის სტადიონზე მომხდარი ტერაქტის შედეგად ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაიხსნა.
აფეთქება ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერში, "მანჩესტერ არენას" სტადიონზე 22 მაისს საღამოს მოხდა, როდესაც იქ ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტი იმართებოდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავდა 59 ადამიანი.
"გულის სიღრმემდე შეგვძრა მომხდარმა საზარელმა ტრაგედიამ. ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, თანადგომას ვუცხადებთ დაშავებულებს და მთელი გაერთიანებული სამეფოს ხალხს. ჩვენ, ყველა, ვისაც გვჯერა ჰუმანიზმის, ცივილიზაციის, ადამიანური ღირებულებების, უნდა გავერთიანდეთ, კიდევ უფრო მტკიცედ, ტერორიზმის წინააღმდეგ. ომი ტერორიზმთან მიმდინარეობს, საქართველო ამ ომში მტკიცედ დგას!", — დაწერა მარგველაშვილმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ასევე გამოხატა მწუხარება.
"ამ ძალადობრივ, დაუნდობელ ტერორისტულ აქტს ბევრი უდანაშაულო სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდნენ ადამიანები… ამ ძალიან რთულ დროს ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ჩვენ, ასევე, ერთად ვართ ბრძოლაში ძალადობის და ტერორიზმის წინააღმდეგ, რადგან მხოლოდ ერთად დგომით მივაღწევთ მიზანს, მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდეს ჩვენი შვილებისათვის," — დაწერა ციხელაშვილმა.
სამძიმრის წიგნში ჩანაწერები ასევე დატოვეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკკენზიმ ქართულ მხარეს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
"საშინელება მოხდა. საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისათვის ძალიან მადლობლები ვართ, მაგრამ მანჩესტერი — სულით ძლიერი ქალაქია და დიდი ბრიტანეთი — ძლიერი სახელმწიფოა. ტერორიზმი ვერ გაიმარჯვებს", — განაცხადა დიპლომატმა.
მანჩესტერში მომხდარი აფეთქება ბრიტანეთში ყველაზე მსხვილი ტერაქტი გახდა, ლონდონის მეტროში 2005 წელს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.