თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (71) ვერ მოახერხა АТР 250-ის სერიის ლიონის ტურნირის ფინალში გასვლა და ანგარიშით 2:6, 6:3, 1:6 სამ სეტში ფრანგ ჟო-ვილფრიდ ტსონგას (13) წააგო, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.
პირველ პარტიაში ქართველი ჩოგბურთელის მთავარი პრობლემა მეორე ჩაწოდება გახდა, რომლის გათამაშების შემდეგ ბასილაშვილმა ბურთების მხოლოდ 36% მოიგო. საბოლოო ჯამში, ტსონგამ ორი ბრეიკი გააკეთა და ანგარიშით 6:2 დამაჯერებლად მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს ფრანგის ჩაწოდების აღების შვიდი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ვერცერთი ვერ გამოიყენა.
მეორე სეტში სურათი რადიკალურად შეიცვალა. ახლა უკვე ტსონგა აწვდიდა არადამაჯერებლად. მეორე პარტიის დროს ფრანგმა 5 (!) ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაც ასეთი მაღალი დონის ჩოგბურთელებს საერთოდ არ ახასიათებთ.
ბასილაშვილმა მეტოქის სუსტი წერტილი იგრძნო, გამოიყენა შანსი და ტსონგას ჩაწოდება ორჯერ აიღო, საკუთარი კი არცერთხელ არ დაუთმო.
შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ჩოგბურთელებმა პირველ ორ პარტიაში ერთმანეთის ძალები მოსინჯეს და მესამე სეტში ქომაგებს ტურნირის ფინალში გასვლაზე თანასწორი და დაძაბული ბრძოლა ელოდა. თუმცა, ასე არ მომხდარა.
ბასილაშვილს არ გამოსდიოდა არც პირველი, არც მეორე, არც მესამე ჩაწოდება. პირველის მერე — 45% მოგებული ბურთები და 33% — მეორის შემდეგ. არადამაჯერებელი ჩაწოდების შემდეგ ბასილაშვილი უამრავ შეცდომას უშვებდა, რამაც გაუმარტივა ტსონგას ამოცანა. დიდი ძალისხმევის გარეშე, ფრანგმა მოიგო სეტი — 6:1 და ტურნირის ფინალში დამსახურებულად გადავიდა.