თბილისი, 26 მაისი – Sputnik. ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი, საზოგადოების ინეტერესების გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში გადაწყდება, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა ტელეარხ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში.
ბათუმში მეორე მეჩეთის აშენების საკითხი 2013 წლიდან დგას. ადგილობრივი მუსლიმები ამბობენ, რომ ქალაქში ერთი მეჩეთი საკმარისი არაა და მორწმუნეთა ნაწილი ქუჩაში ლოცულობს. მუსლიმურმა თემმა ბათუმში 3 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი შეიძინა, მაგრამ მერიამ მეჩეთის მშენებლობის ნებართვა არ გასცა. უარის მიზეზად გარშემო მჭიდრო დასახლება დასახელდა.
„უახლოეს პერიოდში საკითხი გადაწყდება, რა თქმა უნდა, ჩვენი მუსლიმი მრევლის, რეგიონისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ ხალხთან და საზოგადოებასთან ერთად მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პატარაძემ.
მეჩეთის მშენებლობაზე აკრძალვას ხელი არ შეუშლია მორწმუნეებისთვის, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე შესყიდულ მიწის მონაკვეთზე დაედგათ მსუბუქი ხის კონსტრუქცია და სიმბოლურად გაეჭრათ წითელი ლენტი. ადგილობრივმა მუსლიმებმა სამლოცველოს ღია ცის ქვეშ მოწყობა და იქ ყოველდღე ლოცვა გადაწყვიტეს.
აბაშიძის 49–ში პარასკევს დაახლოებით 200 მორწმუნე შეიკრიბა. ლოცვა ხულოს რაიონის მუფთიმ ასლან აბაშიძემ აღავლინა.
მუსლიმები აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიაზე დღეიდან სამლოცველო იფუნქციონირებს.
„მნიშვნელოვანია, რომ სიმბოლურად ვხსნით მეჩეთს და ლოცვას ვიწყებთ“, – განაცხადა აბაშიძემ.
„მიუხედავად მერიის უარისა და მათი დამოკიდებულებისა მუსლიმებისადმი, დღეს ჩვენთვის სასიხარულო დღეა. დღეს ვხსნით მეჩეთს და ვიწყებთ ლოცვას. ვფიქრობ, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენთან ერთად აღნიშნავს“, – განაცხადა საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ.
ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მსუბუქი კონსტრუქციის დადგმა კანონს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ თუ კაპიტალური მშენებლობა დაიწყება, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
ამჟამად საქართველოში 250–ზე მეტი მეჩეთი მოქმედებს. მოსახლეობის ბოლო აღწერის თანახმად (ჩატარდა 2014 წლის 5–19 ნოემბერს), საქართველოში 298 ათასზე მეტი მუსლიმი მცხოვრეობს.