თბილისში ყველაზე პატარა ჯიშის ცხენის კვიცი დაიბადა

გამოწერა
თბილისის ზოოპარკის საცხენოსნო კლუბში ყველაზე პატარა ჯიშის ცხენების ოჯახში პირველი მატებაა.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. ცხენების ყველაზე პატარა ჯიშის წარმომადგენელს, ფალაბელას სახელად ფრიდა თბილისის ზოოპარკის საცხენოსნო კლუბში პირველი კვიცი შეეძინა, ნათქვამია ზოოპარკის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კვიცის მამა ფალაბელა სახელად ფეიმოსია.

ფალაბელები თბილისის ზოოპარკში 4 წლის წინ დაბინავდნენ. ამ ჯიშის ცხენების სიმაღლე 40-75 სანტიმეტრია, წონა კი 20-60 კილოგრამია. ეს ჯიში არგენტინაშია გამოყვანილი და მისი შემქმნელის, ხუან ფალაბელოს სახელს ატარებს.

თბილისის ზოოპარკის ბინადარი დათვი - Sputnik საქართველო
ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები დათვები და მგლები იქნებიან

„ეს არსება  ციკანივითაა. 4-5 წლის ბავშვს მუხლამდეც ვერ მისწვდება. ფოტოში კიდევ კარგად არ ჩანს. თქვენი თვალით რომ ნახოთ, სულ გადაირევით. ჩვენც აღტაცებისგან ვჭყვიტინებდით, როცა მოვინახულეთ. სათამაშოს უფრო ჰგავს, ვიდრე ნამდვილ ცხენს, თუმცა ცხენია და რა ქნას…“, — ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის ზოოპარკის საცხენოსნო კლუბი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარეობს. იქ მომავალში განთავსდება თბილისის ზოოპარკი, სადაც მისი ბინადრები თავს უფრო ლაღად იგრძნობენ — ზოოპარკის ფართობი 5 ჰექტარის ნაცვლად 48 ჰექტარი იქნება. ახალ ზოოპარკში უკვე დააბინავეს დათვები და მგლები, შემდეგ ეტაპზე ახალ ზოოპარკში ირმები და ნიამორები დაიდებენ ბინას. 

თბილისის ზოოპარკი 2015 წლის ივნისში მომხდარი წყალდიდობისას მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაიღუპნენ ცხოველები. ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თბილისის ზოოპარკი ახალ ადგილზე აშენებულიყო.

წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკს მსოფლიოს ზოოპარკებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს და საქართველოში სხვადასხვა ცხოველებს დღემდე აგზავნიან.

ახალი ზოოპარკის აშენებას, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს, რამდენიმე წელი დასჭირდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0