თბილისი, 25 მაისი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვში ოთხი ტერორისტი დააკავა, რომლებიც რუსეთის დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ტერაქტებს ამზადებდნენ, ნათქვამია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებრივი ურთიერთობების ცენტრის პრეს-რელიზში.
„რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვში 2017 წლის 25 მაისს დააკავა რუსეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეებისგან შემდგარი ტერორისტული ჯგუფის ოთხი წევრი, რომლებიც ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დახმარებით მოსკოვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ტერაქტებს ამზადებდნენ", — ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვში დაკავებულ ტერორისტებს აღმოუჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელი ლაბორატორია და გამოყენებისთვის გამზადებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელობა, რომელიც რუსეთში აკრძალულ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში" შედის, სირიის ტერიტორიიდან ხორციელდებოდა.
„დივერსიულ-ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ ტერორისტები სირიაში გამგზავრებას გეგმავდნენ „ისლამური სახელმწიფოს" შემადგენლობაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით. ამჟამად დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი წყდება", — ნათქვამია განცხადებაში.