თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში 26-29 მაისს გაიმართება. საქართველო მეხუთე ქვეყანა გახდება, რომელიც ალიანსის წევრი არ არის, მაგრამ მსგავს ღონისძიებას მასპინძლობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მიიღებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის ასეთი ღონისძიების საქართველოში ჩატარება არის უაღრესად მნიშვნელოვანი", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
В пеნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის პირველ დღეს დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელსაც ჩაატარებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი დევიდ ჰობსი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში ირაკლი სესიაშვილი.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ჩატარდება ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, კომიტეტების სხდომები და პრესკონფერენციები.
ასმაბლეის პლენარული სხდომა 29 მაისს არის დაგეგმილი. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ კობახიძე, კვირიკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ასევე სპეციალური სტუმრების სახით მოწვეული ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გეტემიულერი და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე ანდრეი პარუბაი.
ასამბლეის წევრები პლენარული სხდომის ბოლოს მიიღებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 600 სტუმარი. ღონისძიებისადმი მაღალი ინტერესის გამო აკრედიტაცია უცხოური და ადგილობრივი მასმედიის დაახლოებით 300-მა წარმომადგენელმა გაიარა.