თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ინტრონიზაციის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაუქმდა მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური სიტუაციისა და საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობის გამო, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და საერო პირთა საქართველოში მოწვევა", — ნათქვამია განცხადებაში.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს. ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს შედგა. 1980-იან წლებში, ილია მეორის პატრიარქობისას საქართველოში მართლმადიდებლობის მასშტაბური აღორძინება მოხდა. ამ წლებში საქართველოში ეპარქიების რაოდენობა 15-დან 33-მდე გაიზარდა.
1977 წელს საქართველოში 48 მოქმედი ეკლესია იყო, ამჟამად მათი რიცხვი 1000-ს აჭარბებს.
თბილისში აშენდა საქართველოს ყველაზე დიდი სალოცავი — წმინდა სამების საკათედრო ტაძარი.