თბილისი, 24 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც თბილისში სხვადასხვა ნარკოტიკს ინტერნეტით ასაღებდნენ, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 37 წლის დმიტრი უ. და 43 წლის ვიტალი ლ. შეკვეთებს ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით იღებდნენ და ნარკოტიკებს თბილისის სხვადასხვა უბანში, კონკრეტულ მისამართებზე ტოვებდნენ.
"საქართველოში თვენახევრის წინ ვიყავით. ბოლოს 7 მაისს ჩამოვედით. მივედით სახლში, ვიარეთ ქალაქში, ადგილებს სურათებს ვუღებდით და ამ ადგილებში ნარკოტიკებს ვტოვებდით", — განაცხადა აღიარებითი ჩვენების მიცემისას დაკავებულმა დმიტრი უ.-მ.
ვიტალი ლ.-ს ჩვენებებიდან ირკვევა, რომ საქმეში ასევე ფიგურირებს ვინმე პაველი, რომელიც აგრეთვე რუსეთის მოქალაქეა. ის დახვდა აღნიშნულ პიროვნებებს, მიიყვანა ისინი ბინაზე და აუხსნა, რომ ნარკოტიკების გასაღება უნდა დაეწყოთ.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 186 შეკვრად დაფასოებული 333,15 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება — ე.წ. „ბიო“, 2 შეკვრად დაფასოებული „ამფეტამინი“, ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შემცველი 177 აბი და 2 ნატეხი ამოიღეს.
ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომანქანის ჩხრეკისას პოლიციამ კიდევ 1,54025 კგ ე.წ. „ბიო“, 887,74 გრამი „ამფეტამინის“ შემცველი ფხვნილი; ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შემცველი 91 აბი და 29 ნატეხი ამოიღო.
გარდა ამისა, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულია ბრალდებულების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული და დატოვებული 22 შეკვრა ე.წ. „ბიო“.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით („განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება“) და 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის,,ბ" ქვეპუნქტით („განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღების მცდელობა“), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.