თბილისური ფლორენცია და ქართველების ხშირი სტუმრობა იტალიის უნივერსიტეტში

© FB/ Natia Zazashvili Nataliტოსკანას რეგიონალურ ორგანიზაციაზე
ტოსკანას რეგიონალურ ორგანიზაციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს იტალიაში მცხოვრებ ნათია ზაზაშვილს გაგაცნობთ.

ფლორენციის ქართული დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებელი, ტოსკანის რეგიონის ემიგრანტული ცენტრის ქალთა კომიტეტის წევრი, ქართულ-იტალიური კულტურული ორგანიზაცია „ჟალეთის“, ემპოლისა და ფლორენციაში ქართული საკვირაო სკოლის დამაარსებელი. მის ორგანიზაციას 200-ზე მეტი კულტურული საღამო აქვს ჩატარებული და მის წევრებს ფლორენციის უნივერსიტეტში ხშირად იწვევენ საპატიო სტუმრებად. ნათია ზაზაშვილს ფლორენციაში დავუკავშირდით.

— ქალბატონო ნათია, სანამ ფლორენციაში თქვენს დღევანდელ საქმიანობას შევეხებით, თუ შეიძლება, საქართველოში განვლილ ცხოვრებაზე მოგვიყევით…

— საკუთარ თავზე წერა მიჭირს… ჩემ ცხოვრებას პირობითად ორ ნაწილად დავყოფდი. ამბავი, რამაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება ცუდისკენ, ისაა, რომ ერთადერთი ძმა ზაზა ზაზაშვილი 6 წლის ასაკში გარდამეცვალა. მას შემდეგ 34 წელი გავიდა, მაგრამ ჩემს გულსა და ჩვენს ოჯახში ეს დღესაც ისეთივე ტრაგედიაა, როგორც მაშინ. 1983 წლის დეკემბერში იყო, როცა ეს თავს დაგვატყდა. ლამაზი პერიოდი კი ჩემს საქმიანობას შეეხება, როდესაც საქართველოში ჟურნალი „ფარი“ დავაფუძნეთ. იმ ჟურნალში კორესპონდენტად ვმუშაობდი. შემდეგ ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა თავდაცვის სამინისტრო, სადაც შეიარაღებულ ძალებში შვიდი წელი ვიმსახურე, დღემდე მახსოვს ის ხალხი, მათი ერთგულება და თავგანწირვა…

© FB/ Natia Zazashvili Nataliსაველე სწავლებაზე
საველე სწავლებაზე - Sputnik საქართველო
საველე სწავლებაზე

— ამის შემდეგ იწყება ცხოვრების იტალიური პერიოდი, როდესაც დააფუძნეთ დიასპორული ორგანიზაცია, როგორ დაიბადა ეს იდეა?

— როდესაც პირველად ჩამოვედი იტალიაში, მეგობრებთან ვცხოვრობდი. ჩვენი სახლის ფანჯარა ერთ ბაღს გაჰყურებდა, რომელსაც ქართველებიც სტუმრობდნენ. ამ ფანჯარაში ცქერის დროს დაიბადა ქართული სასწავლო ცენტრის დაფუძნების იდეა, სადაც ქართული წერა-კითხვის შესწავლა და სხვადასხვა  სასწავლო კურსის გავლა იქნებოდა შესაძლებელი. სასწავლო ცენტრიდან იტალიურმა კანონმდებლობამ კულტურულ ასოციაციამდე მიმიყვანა. ასე გაჩნდა ქართულ-იტალიური კულტურული ორგანიზაცია „ჟალეთი“. თქვენს მკითხველს შევახსენებ, რომ სახელი ჟალეთი ქართული წარმოშობისაა და ის პირველად ლეონტი მროველმა მოიხსენა. „ქართლის ცხოვრების" მიხედვით კი ამ სახელის საეპისკოპოსო საკათედრო ტაძარი ვახტანგ გორგასალმა ააგო. რაც შეეხება ჩვენს საკვირაო სკოლას, იგი ქალაქებში ემპოლისა და ფლორენციაში დავაფუძნეთ. ჩვენი ორგანიზაცია კულტურულ-შემეცნებითი ხასიათისაა და ყველაზე ღირებულს, რასაც ის აკეთებს, საკვირაო სკოლებია. ამ ორგანიზაციაში 50-მდე აქტიური წევრია.

© FB/ Natia Zazashvili Nataliფლორენციის საკვირაო სკოლაში
ფლორენციის საკვირაო სკოლაში - Sputnik საქართველო
ფლორენციის საკვირაო სკოლაში

— რამდენი ქართველი ბავშვი დადის თქვენ საკვირაო სკოლაში?

— ამჟამად ჩვენ სკოლაში 12 მოსწავლეა. აქ მათ  ქართულ წერა-კითხვას, საქართველოს გეოგრაფიასა და საქართველოს ისტორიას ასწავლის ნია ზაზაშვილი, მუსიკას — ფლორენციის კონსერვატორიის სტუდენტი სოფო კანდელაკი, ქორეოგრაფიას — კობა ბიჭაშვილი. განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნავ იმ ბავშვებს, რომლებიც სრული დასწრებით გამოირჩევიან – მარიამ ზურაბიანს, რომელიც თითქმის ხუთი წელია სისტემატურად დადის ქართულ სკოლაში, ასევე პატარებს სოფო მელუა-კახნიაშვილს, ანა-მარია გუგუნიშვილს, ელისაბედ დე ჯოზას და ნიკოლა დე ჯოზას.

© FB/ Natia Zazashvili Nataliფლორენციის მერიის თანამშრომლებთან ერთად
ფლორენციის მერიის თანამშრომლებთან ერთად - Sputnik საქართველო
ფლორენციის მერიის თანამშრომლებთან ერთად

— ქალბატონო ნათია, ამას გარდა კომერციულ საქმიანობასაც ეწევით…

— რაც შეეხება კომერციულ საქმიანობას, მე და ჩემს დას ნიას გვაქვს კომპანია, რომელიც ძირითადად სასტუმროს ტიპის ბინების მენეჯმენტის სრულ პაკეტს მოიცავს. ამასთან ტურისტული დასვენებისა და მომსახურების სხვადასხვა ადგილობრივ კომპანიებთანაც ვთანამშრომლობთ.

© FB/ Natia Zazashvili Nataliფლორენციის საერთაშორისო ფესტივალზე
ფლორენციის საერთაშორისო ფესტივალზე - Sputnik საქართველო
ფლორენციის საერთაშორისო ფესტივალზე

— იტალიაში ჩასვლის პირველი დღე თუ გახსოვთ?

— პირველი ბედნიერი დღე იტალიაში მართლა არ დამავიწყდება. ეს იყო მილანში, 2011 წელი. ჩვენი მშობლიური ორგანიზაცია „სამშობლო გულით სატარებელია” ქართველი საზოგადო მოღვაწის, ქალბატონი ნინო ყაუხჩიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ “ნინოობის“ საღამოს ატარებდა. მე იტალიაში ინტეგრაციის 50%-იანი ბარიერი სწორედ იმ დღეს გადავლახე. ფლორენციიდან მილანში ჩასულს ორგანიზაციის წევრები ისე თბილად დამხვდნენ, მეგონა, საკუთარ ოჯახში დავბრუნდი-მეთქი. ამაყი ვიყავი, როდესაც იმ საღამოზე ჩემი თანამოქალაქის, ქალბატონი ნინოს ყოფილი იტალიელი სტუდენტები მასზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ. როდესაც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი ცრემლიანი თვალებით შენიანს იხსენებს – ეს უფრო მეტად დასაფასებელი და საამაყოა შენთვის! ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. გამოდის, რომ ქალბატონმა ნინო ყაუხჩიშვილმა თავის თანამოქალაქეებზე ზრუნვა გარდაცვალების შემდეგაც შეძლო.

© FB/ Natia Zazashvili Nataliნათია ზაზაშვილი
ნათია ზაზაშვილი - Sputnik საქართველო
ნათია ზაზაშვილი

— გაიხსენეთ ყველაზე საინტერესო იტალიური შეხვედრები…

— ხმამაღალი ნათქვამი ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ იტალიაში „ჟალეთი“ საკმაოდ ცნობილი ორგანიზაციაა. აქედან გამომდინარე, ხშირად ვართ მიწვეული სხვადასხვა კულტურულ პროექტებში. ერთ-ერთს გავიხსენებ: ეს იყო ფლორენციული ფესტივალი სახელად „ფლორენცია ჩვენ ვართ“, რომელიც პუჩინის თეატრში ჩატარდა. ჩვენი ორგანიზაციიდან მასში მონაწილეობა მიიღეს მაიკო წერეთელმა, სოფო კანდელაკმა, ელისო ბენდელიანმა და ნია ზაზაშვილმა. აქ ჩვენ გავიტანეთ ქართული ეროვნული აქსესუარები, საცეკვაო და ფოლკლორული სიმღერის ნომრები. მახსოვს, სოფო კანდელაკის ცეკვა „ჯეირანმა“ დიდი და პატარა მოაჯადოვა. ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის მხრივ, რომ აღარაფერი ვთქვათ შოთა რუსთაველის მე-12 საუკუნის სიტყვებზე – „ლეკვი ლომისა სწორიაო“, ქართული ცეკვა „ჯეირანიც“ მათთვის იდეოლოგიურადაც მომხიბლავი აღმოჩნდა. ამ ფესტივალის შემდეგ ფლორენციის უნივერსიტეტის სტუდენტები მათ მიერ ორგანიზებულ ფესტივალებზე ყოველთვის გვიწვევენ. ქართული ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის გამორჩეული ნომრებით წელს უკვე მესამედ მივიღეთ მასში მონაწილეობა. ამჯერად მაყურებლის წინაშე წარდგენენ სოფო კანდელაკი, დარინა ჩაჩანიძე, იაკობ ბიჭაშვილი და სხვები. ამ ფესტივალს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ქალაქის უნივერსიტეტი და სტუდენტები ქალაქის სიამაყეა და ჩვენი აქ საპატიო სტუმრად მიწვევა ტრადიციად იქცა. დაფუძნებიდან დღემდე ორგანიზაციას 200-ზე მეტი კულტურული საღამო აქვს ჩატარებული.

— საქართველოში რა და ვინ გენატრებათ, რას იხსენებთ ყველაზე ხშირად?

— მონატრებით დედა მენატრება, რადგან დედა ის ადამიანია, რომელიც ყოველდღე რომ ვნახო, მაინც მომენატრება. თავს დამნაშავედ ვგრძნობ მშობლების წინაშე, მათგან შორს ვცხოვრობ. მენატრებიან ჩემი მეგობრები და ყოფილი თანამშრომლები, რომლებთან ერთადაც ბოლო 7 წელი ვიმსახურე შეიარაღებულ ძალებში. მათზე და იმ გმირულ ეპიზოდებზე ხშირად ვფიქრობ. ბევრი უსახელო გმირია თავდაცვის სამინისტროში და სულ მაწუხებს – სიცოცხლეშივე რატომ არ ვაფასებთ მათ? ჯარისკაცი ერთადერთი ადამიანია, ვინც უანგაროდ სწირავს თავს სამშობლოსთვის და პოლიტიკა არასოდეს აინტერესებს. მათ გვერდით გატარებული წლები მეამაყება. თუმცა ეს ყველაზე არ ითქმის. სადაც გმირია, იქ ლაჩრებიც აუცილებლად ჩნდებიან ხოლმე… პარალელს ხშირად ვავლებ – ემიგრაციაც ბრძოლის ველს ჰგავს. ზოგი გმირულად იბრძვის, ზოგიც ლაჩრობს…

© FB/ Natia Zazashvili Nataliნათია ზაზაშვილი იტალიის სპორტის მინისტრ ლუკა ლოტისთან ერთად
ნათია ზაზაშვილი იტალიის სპორტის მინისტრ ლუკა ლოტისთან ერთად - Sputnik საქართველო
ნათია ზაზაშვილი იტალიის სპორტის მინისტრ ლუკა ლოტისთან ერთად

— ამბობენ, ქართველი, სადაც არ უნდა იყოს, ყველგან მისთვის ჩვეულ პარალელს ავლებს ხოლმე…

— სულ ვამბობ, მე იტალიაში არ ვცხოვრობ, ფლორენციაში ვცხოვრობ-მეთქი. ფლორენციას სხვა სურნელი, სხვა რომანტიკული შეგრძნებები ახლავს. იგი ხან მცხეთას მაგონებს, ხან თბილისს. მდინარე არნო ფლორენციას, როგორც მტკვარი თბილისს, ორ ნაწილად ჰყოფს. მიქელანჯელოს მთა კი ქალაქს, როგორც ჩვენი მთაწმინდა, ისევე გადმოჰყურებს ზემოდან. ცენტრალური ნაგებობები მცხეთის უბნებს მაგონებს. სამივე ქალაქი რაღაც სათუთი გრძნობით მიყვარს და ჩემთვის ერთმანეთს ჰგავს. მიქელანჯელოს მთაზე პანთეონი რომ აღმოვაჩინე, წარწერებს ვკითხულობდი, სადმე ქართული ხომ არ არის-მეთქი…

 

ყველა ახალი ამბავი
0