თბილისი, 24 მაისი – Sputnik. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ პირველად გამოსცა რუკები, სადაც აღბეჭდილია ქვეყნის რელიგიური ღირსშესანიშნაობები და მითითებულია ადგილები, სადაც ამა თუ იმ აღმსარებლობის ხალხი ცხოვრობს.
სულ შედგენილია სამი რელიგიური რუკა: რეგიონალური, რაიონული და საკულტო ნაგებობათა რუკა. სამივე მათგანი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული. რეგიონალური და რაიონული რუკები ბეჭდვითი სახითაც გამოიცა.
რუკები შედგენილია „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, რომლებიც 2014 წელს არის გამოქვეყნებული. რელიგიური რუკების შექმნაზე სააგენტოსთან არსებული რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მუშაობდა.
„საქართველოს ისტორიაში მსგავსი პროექტი პირველად განხორციელდა. არასდროს, არც ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში, არც საბჭოთა კავშირის დროს, მსგავსი რელიგიური რუკა არ შექმნილა. ყველაფერი ეს შეუწყობს ხელს რელიგიებს შორის თანამშრომლობას და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაზრდის, რადგან საქართველოში ბევრი წმინდა ადგილია“, — განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ზაზა ვაშაყმაძემ პრეზენტაციაზე.
ვაშაყმაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველოში 3,7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მათგან 84% მართლმადიდებელია, 10,74% — მუსლიმი და 2,94% — სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლია.
საქართველოში 0,52% კათოლიკეა, 0,33% — „იეღოვას მოწმე“, ხოლო 0,23% — იეზიდი და 0,04% — იუდეური თემის წარმომადგენელია.
გრაფაში „სხვები“ მოსახლეობის 1,8% მოხვდა. ეს ის ადამიანებია, რომლებმაც ან პასუხის გაცემაზე უარი თქვეს, ან არ მიუთითეს საკუთარი აღმსარებლობა ან მცირე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები არიან.
რუკების პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და საქართველოს რელიგიური თემების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.