თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ისლამ ალახშუქურ ფაშაზადე საქართველოს ეწვია, რათა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოინახულოს.
საქართველოს პატრიარქთან შეხვედრისას ალაჰშუქურ ფაშა-ზადემ წუხილი გამოთქვა, რომ თებერვალში ვერ მოახერხა ილია მეორის გერმანიის კლინიკაში მონახულება, სადაც უწმინდესს ოპერაცია ჩაუტარდა.
„ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო და მნიშვნელოვანია აქ ყოფნა. ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ყოველთვის ვგრძნობდი პატრიარქის მხარდაჭერას. როდესაც გავიგე, რომ პატრიარქი ავად იყო, სამწუხაროდ ვერ მოვახერხე გერმანიაში წასვლა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თბილისში ჩამოსვლა და თქვენი მონახულება. მე სხვა შეხვედრებიც მაქვს, მაგრამ მთავარი მიზეზი ჩემი თბილისში ყოფნის თქვენ ხართ“, — განაცხადა ალაჰშუქურ ფაშა-ზადემ.
ილია მეორემ ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერ ლიდერს და ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობის მნიშვნელობა აღნიშნა.
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენს შორის მრავალი წლის განმავლობაში სუფევს, დღესაც ძლიერდება და ვითარდება. აზერბაიჯანელი ხალხს საქართველოში სრული თავისუფლება აქვს“, — განაცხადა ილია მეორემ.
კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს დელეგაცია 13 ადამიანისგან შედგება, რომლის შემადგენლობაშია რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლებიც.
ვიზიტის ფარგლებში კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერი ლიდერი შეხვედრებს მართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.
შეიხ-ულ-ისლამ ალახშუქურ ფაშაზადე ასევე შეხვდება საქართველოში აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს.
კავკასიის მუსლიმთა სამმართველო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო-ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც ბაქოშია განთავსებული. სამმართველო 1944 წლის 14 აპრილს დაარსდა.