თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ისლამ ალახშუქურ ფაშაზადე პარასკევს საქართველოს ეწვევა, სადაც ქვეყნის პირველ პირებთან გამართავს შეხვედრებს, აღნიშნულია სამმართველოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ვიზიტის მსვლელობისას დაგეგმილია კავკასიის მუსლიმთა სულიერი ლიდერის შეხვედრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.
შეიხ-ულ-ისლამ ალახშუქურ ფაშაზადე ასევე შეხვდება საქართველოში აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს.
კავკასიის მუსლიმთა სამმართველო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო-ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც ბაქოშია განთავსებული. სამმართველო 1944 წლის 14 აპრილს დაარსდა.