ექვს კვადრატულ ფართობში მოქცეული ფიროსმანის შეუცნობელი სამყარო

© Nini Razmadzeნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინ შეარქვა ნიკო ფიროსმანაშვილს ფიროსმანი; შემორჩენილია თუ არა დღემდე მის მიერ დახატული შოთა რუსთაველის და თამარ მეფის ტილოები; ვინ უარყო და მოგვიანებით ვინ აღიარა მისი სიყვარული; სად ცხოვრობდა მხატვარი, რომელიც მოვიდა, დახატა, დაგვიტოვა და წავიდა...

ფიროსმანის №29-ში უკვე 35 წელია ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმი არსებობს. კიბის ქვეშ მოწყობილ 6 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახში მხატვარმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. მისი ცხოვრებისა და მუზეუმის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტი ლალი ლომთათიძე გვიამბობს. 

© Nini Razmadzeნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი

– რამდენი ხანია რაც მუზეუმი არსებობს?

— მუზეუმი ბატონმა ანზორ მაძღარაშვილმა 1982 წელს დააარსა. თბილისში ეს ერთადერთი ადგილია ამ დრომდე შემორჩენილი, სადაც ფიროსმანი ღამეს ათევდა. მუზეუმმა თავდაპირველად კიბისქვეშა ადგილი დაიკანონა, შემდეგ კი საგამოფენო სივრცისთვის ერთი ოთახი. წელს მუზეუმის გახსნიდან 35 წლისთავია. ბატონი ანზორი ფიქრობს, რომ ამ თარიღის აღსანიშნავად პატარა ღონისძიება გამართოს. 2016 წელს მუზეუმს რესტავრაცია ჩაუტარდა. 

© Nini Razmadzeნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი

– მუზეუმისთვის ეს ადგილი რატომ შეარჩიეთ?

— ნიკო ფიროსმანმა სიცოხლის ბოლო წლები სწორედ ამ ოთახში გაატარა. მეპატრონეს, ეტყობა, რაღაც დროის შემდეგ ეს ფართი დასჭირდა და ფიროსმანი იძულებული გახდა სარდაფში ჩასულიყო და სიცოცხლის ბოლო დღეები იქ გაეტარებინა. შემდეგ მას ვირუსი შეეყარა და ძალიან მძიმედ ყოფილა, სამი დღე სარდაფში უპატრონოდ წოლილა. მეზობელი შემთხვევით ჩავიდა სარდაფში და კვნესის ხმა გაიგონა. ფიროსმანი ე.წ. „მიხაილოვის“ საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა. მკვლევარები ვარაუდს გამოთქვამენ, რომ დიდი მხატვარი კუკიის სასაფლაოზეა დაკრძალული. 2010 წელს ნიკო ფიროსმანს მუზეუმმა სიმბოლური საფლავი მთაწმინდაზე მოუწყო. ქვა დადგეს ვაჟა-ფშველას საფლავის გვერდით წარწერით „ნიკო ფიროსმანაშვილი“. 

© Nini Razmadzeნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი

– ბევრი ტურისტი დადის ამ მუზეუმის დასათვალიერებლად?

— რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი… ევროპიდან, ამერიკიდან, ფიროსმანი ყველამ იცის. ნიკოს "ფიროსმანი" გალაკტიონმა შეარქვა. დუქანი იყო „თეთრი პელიკანი“, რომელიც ფიროსმანის მიერ იყო მოხატული. გალაკტიონმა კი ზუსტად ფიროსმანის მოხატულ დუქანზე დაწერა ლექსი და სწორედ აქედან გაჩნდა "ფიროსმანი". შეიძლება ბევრმა უცხოელმა არ იცოდეს ნიკო ფიროსმანაშვილი, მაგრამ ყველამ იცის ფიროსმანი. როცა აქაურობას ათვალიერებენ, ძალიან უკვირთ ტურისტებს ასეთ პატარა ადგილს რომ ხედავენ, ზოგს არც სჯერა, რომ ეს ის ადგილია, სადაც თვითნასწავლმა მხატვარმა ბოლო წლები გაატარა.

– მუზეუმში მხატვრის ორგინალი ნახატები გამოფენილი გაქვთ?

— 90-იან წლებში ამ სივრცეში 7 ორიგინალი იყო გამოფენილი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გვაქვს შესაბამისი პირობები, რომ ორიგინალი ტილოები განვათავსოთ. ამისთვის, ელემენტარულად, შენობისთვის დაცვის სამსახურია საჭირო. ფიროსმანის 14 ორიგინალი მირზაანში, მის სახლ-მუზეუმში ინახება, სადაც ყველა პირობაა შექმნილი ნახატებისთვის. კარგი იქნება, ერთი ორიგინალი სურათი ჩვენც გვქონდეს. დამთვალიერებელი დიდი ინტერესით ეცნობა აქაურობას, მაგრამ მათ ნიკოს ნახატების ნახვაც უნდათ. ჩვენ მხოლოდ ასლები გვაქვს გამოფენილი, რაც, დამეთანხმებით, ორიგინალს ვერ შეედრება. უამრავი მნახველი გვყავს, მაგრამ ეს რიცხვი გაორმაგდება, თუ ეცოდინებათ, რომ ამ მუზეუმში შეძლებენ ფიროსმანის ორიგინალი ნახატის ნახვას.  

© Nini Razmadzeნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი

– ამბობენ, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე პატარა მუზეუმია…

— საქართველოში რომ ნამდვილად არის ყველაზე პატარა მუზეუმი, ეს ზუსტად ვიცი, ალბათ, მსოფლიოშიც. მუზუმის სივრცე სულ რაღაც 6 კვადრატული მეტრია.

– ამ ოთახში არსებული ყველა ნივთი მხატვარს ეკუთვნის?

— მაგიდა და საკმები მირზაანიდან ჩამოვიტანეთ, მისი ნაქონი ნივთებია. ფარდაგი და ჯეჯიმი დედამისის მოქსოვილია. მანამდე, ალბათ, ოთახში მხოლოდ ლამფა და ნავთქურა ჰქონდა. 

© Nini Razmadzeნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი

– ნიკო ფიროსმანის ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი იყო…

— მწირი ბიოგრაფია გვაქვს ფიროსმანზე, მაგრამ მისი ნახატები ამბობენ ყველაფერს. მოვიდა, დახატა, დაგვიტოვა და წავიდა. 8 წლის იყო, როცა მირზაანიდან თბილისში ჩამოვიდა. 1880 წელს ფერწერის სახელოსნო გახსნა. პირველი რეკლამა ფიროსმანს მედუქნეებმა და სამიკიტნოების მეპატრონეებმა დაუკვეთეს. მოგონებებში მედუქნეები გრაფს ეძახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების უდიდეს ნაწილს ფირსომანი მედუქნეებთან ატარდება, ისინი ამბობდნენ, თავს არ გვიყადრებდაო. მას შეეძლო კარგად ეცხოვრა, დუქანი ჰქონდა, რომელიც გაყიდა. მიატოვებდა დუქანს, ბალახებში წამოწვებოდა, ოცნებობდა და ხატავდა. დუქნის საქმეები სულ არ აინტერესებდა და ამიტომ ბოლოს გაყიდა კიდეც. 

© Nini Razmadzeნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი

– არის რამე საინტერესო ისტორია, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია?

— ილია ჭავჭავაძის მუზეუმის პირდაპირ ყოფილა ქოსების დუქანი, სადაც ფიროსმანი ხშირად დადიოდა. ამ დუქანს სტუმრობდა ვაჟა-ფშაველაც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი ერთმანეთს შეხვედრიან. ზოგადად, ნიკოს ძალიან უყვარდა საქართველოს ისტორია. სავარაუდოდ, ბევრი ნახატი დაკარგულია, გადმოცემით ვიცით, რომ ფიროსმანმა დახატა შოთა რუსთაველი და თამარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ნახატებს ჩვენამდე არ მოუღწევია.  

© Nini Razmadzeნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი

– მისი სიყვრაულის ისტორიაც გამორჩეულია..

— ფიროსმანის ერთადერთი სიყვარული იყო მსახიობი მარგარიტა დე სევრი. ის თბილისში გასტროლზე 1905 წელს ჩამოვიდა, ნიკომ მართლა მიართვა ვარდები, მაგრამ მარგარიტამ უარი უთხრა. მარგარიტა არავის არ ეცოდინებოდა, რომ არა ფიროსმანის სიყვარული მისადმი. 1969 წელს პარიზში ფიროსმანის გამოფენა გაიმართა, სადაც საინტერესო ფაქტი მოხდა — იქ მივიდა ასაკოვანი ქალბატონი, რომელმაც თქვა, რომ ის მარგარიტა იყო, რომელიც ფიროსმანს უყვარდა.

ნინი რაზმაძე

ყველა ახალი ამბავი
0