თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ქალაქ მანჩესტერის პოლიციამ სტადიონ "მანჩესტერ არენაზე" ტერაქტის საქმის გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ადამიანი დააკავა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости მანჩესტერულ გაზეთ Evening news-ზე დაყრდნობით.
პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. დაღუპულია 22 ადამიანი, დაიჭრა — 59.
სამართალდამცველმა ორგანოებმა დაადასტურეს, რომ დაღუპულთა შორის ბავშვები არიან. სულ ცოტა, ხუთი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მომხდარს "ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტერაქტი" უწოდა, რომელიც "დიდ ბრიტანეთს გადაუტანია".
მისი თქმით, ტერორისტის ვინაობა ჯერ 100%-ით დადგენილი არ არის, თუმცა საგამოძიებო ორგანოებში მიიჩნევენ, რომ იციან, ვინ მოაწყო ტერაქტი.
გარდა ამისა, არის ვარაუდი, რომ დამნაშავე მარტო არ მოქმედებდა.