თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში ორი პოზიციით მაღლა აიწია და ამჟამად 45-ე ადგილს იკავებს, იუწყება ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) ვებ-გვერდი.
საქართველოს ეროვნული გუნდი 455 ქულით ჰონგ-კონგსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის განთავსდა.
მსოფლიოს უძლიერესი გუნდების რეიტინგის სათავეშია კანადა (3225 ქულა). მეორე ადგილზეა რუსეთის ნაკრები (3105), ხოლო მესამეზე – შვედეთი (3080).
ახლახან დასრულებულ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შვედეთის ნაკრებმა კანადა დაამარცხა, რუსმა ჰოკეისტებმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში ასპარეზობს და შემდეგ წელს პოზიციების ასამაღლებლად ბრძოლას გააგრძელებს.