მეტრო "დიდუბესთან" გარევაჭრობა აიკრძალა

© FB / Мэрия Тбилиси მეტრო "დიდუბესთან" გარემოვაჭრეების დახლები აიღეს
მეტრო დიდუბესთან გარემოვაჭრეების დახლები აიღეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიამ უკანონო გარევაჭრობასთან ბრძოლა დაასრულა.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ "დიდუბესთან" და გადასასვლელ ხიდზე გარემოვაჭრეების უკანონოდ დამონტაჟებული დახლები აიღეს, აღნიშნულია ქალაქის მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გარევაჭრობასთან ბრძოლა თბილისის მერიამ მარტის ბოლოს დაიწყო. გარემოვაჭრეები მერიის გეგმების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს და მათ ადგილები შეღავათიანი პირობებით ქალაქის ბაზრებზე შესთავაზეს.

"ერთდროულად ორ ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი ღონისძიებები. ეს არის მეტროსადგურ დიდუბის და გადასასვლელი ხიდის ტერიტორია… ბაზრის დირექციასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ 160 გარემოვაჭრე ბაზრის ტერიტორიაზე 6 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას. ამით დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები სრულდება", — აღნიშნა მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა.

სიტუაცია ნავთლუღის ბაზართან - Sputnik საქართველო
გარევაჭრობა "ნავთლუღის" ბაზართან აიკრძალა

მანამდე ქუჩაში ვაჭრობა აიკრძალა "დინამოს" სტადიონთან, ვაგზლის მოედანთან, მეტროსადგურებთან: "მარჯანიშვილი", "ახმეტელის თეატრი", "ვარკეთილი" და "სამგორი", ასევე ბარათაშვილის ქუჩაზე და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დედაქალაქის მთავრობასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ის ბაზრობები და ორგანიზებული სავაჭრო სივრცეები, რომლებიც ერთიანდებიან თბილისის ბაზრების ასოციაციაში, გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო ადგილებს ექვსი თვით შეღავათიანი პირობებით სთავაზობენ.

გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია არა ერთხელ მოაწყვეს. მიუხედავად თბილისის მერიის შეთავაზებისა, ისინი უარს ამბობენ ბაზრებში დახლების დაკავებაზე და მიუთითებენ, რომ სხვა მოვაჭრეებს კონკურენციას ვერ გაუწევენ, რადგან მათ საქონლის ფართო ასორტიმენტი აქვთ.

საქართველოში ქუჩაში ვაჭრობა აკრძალულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სათანადო ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობა ისჯება 20-დან 50 ლარამდე ჯარიმით. თუ გარე მოვაჭრე პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნას არ დაემორჩილება, ის 50 ან 100 ლარით დაჯარიმდება, ან 7-დღიანი პატიმრობით დაისჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0